"კრამერს უყვარს საქართველო და სძულს, რაც იქ ახლა ხდება, სრულებით ვეთანხმები მას"
12/11/2021 19:18:04 პოლიტიკა
ევროპაში ამერიკის სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდალი, ამჟამად კი ვაშინგტონის ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსი ექსპერტი ბენ ჰოჯესი აცხადებს, რომ აბსოლუტურად იზიარებს აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის დევიდ კრამერის მოსაზრებას საქართველოსთან დაკავშირებით.
"შესანიშნავი მონაკვეთი დევიდ კრამერის მიერ, ის გამორჩეული ამერიკელი დიპლომატია, რომელსაც უყვარს საქართველო და სძულს ის, რასაც ხედავს, რომ იქ ახლა ხდება. მე მას სრულებით ვეთანხმები", - წერს ბენ ჰოჯესი სოციალურ ქსელში.
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი დევიდ კრამერი მიიჩნევს, რომ დასავლეთმა საქართველოს ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილსა და მოქმედი მთავრობის წევრებს სანქციები უნდა დაუწესონ.
კრამერი ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში ძალის გამოყენებით გადაყვანის ამსახველ კადრებს ეხმიანება და "საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა მტკიცებულება, რომ მან დაარღვია ამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ადამიანის უფლებები".
"როგორც სასტიკ მოპყრობაზე, ასევე აბსურდულ პიარ–კამპანიაზე პასუხისმგებელი პირები დაუყოვნებლივ უნდა გადადგნენ. თუმცა იმის მიუხედავად, გააკეთებენ თუ არა ისინი ამას, დასავლეთმა მათ სანქციები უნდა დაუწესოს. სანქციების სიის სათავეში მოქმედი პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მისი მფარველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი უნდა იყვნენ. ეს უკანასკნელი ანადგურებს ქართულ დემოკრატიას სახელმწიფოს მიტაცებით, სასამართლო სისტემის კორუფციაში ჩაფლობითა და მოსკოვისკენ სვლით“, - აცხადებს კრამერი.


