Accentnews.ge
ანა ფოტიგა მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს – რას ამბობენ "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციაში

ანა ფოტიგა მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს – რას ამბობენ "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციაში

13/11/2021 13:29:01 პოლიტიკა

ევროპარლამენტის პოლონელ დეპუტატს ანა ფოტიგას უარი უთხრეს მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე. ამის შესახებ ის "ტვიტერში" საკუთარ გვერდზე წერს.

"უარი მითხრეს მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულებაზე. ვწუხვარ, რომ საქართველოს მთავრობას არ გააჩნია კეთილი ნება და არ არის გამჭვირვალე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ სიტუაციის მოგვარების შანსი ჯერ კიდევ არსებობს. საქართველოს მთავრობას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე", - წერს ევროპარლამენტარი.

ამასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის მნახველთა რაოდენობა უპრეცედენტოდ მაღალია და ბევრი ფაქტორია, რატომაც შეიძლება, უარი ერთვათ ევროპარლამენტარისთვის. დეპუტატი გამორიცხავს, რომ მიზეზი რამე ფაქტის დამალვა ყოფილიყო:

"სააკაშვილის მხარის სასარგებლოდ პოლიტიკურად სრულიად მიკერძოებული ადამიანებიც კი უპრობლემოდ, დაუბრკოლებად ახერხებენ შეხვედრებს მარტივი გზით. არ შეიძლება მიზეზად განვხილო და ეჭვად მქონდეს, რომ შეიძლება ვარაუდობდნენ, რომ ვინმეს რამე დაუმალონ და არ აჩვენონ“.

კითხვაზე, თუ რა კონკრეტული მიზეზით ეთქვა ანა ფოტიგას სააკშვილის მონახულებასთან დაკავშირებით უარი, სარჯველაძე პასუხობს, რომ ეს „იუსტიციის სამინისტროს უნდა კითხონ და კონკრეტულ ახსნას მიაწვდიან“:

„ვვარაუდობ, ის, რომ ევროპარლამენტარია, არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სხვა შეხვედრა ჩახსნა და მხოლოდ ევროპარლამენტარი შეუშვა, ან ევროპარლამენტარობა ვინმეზე უპირატეს უფლებას განაპირობებს შესვლა-არ შესვლასთან დაკავშირებით, ეს აიხსნა და ეს ლოგიკურია. მე რომ ვვარაუდობდე, რომ იქ არ შეშვების მიზეზი იყო ვინმესთვის რამე დაემალათ, ამ შემთხვევაში, ეს იქნებოდა მართლაც შემაშფოთებელი, მაგრამ სხვა შემთხვევაში ნამდვილად არ ვხედავ საკითხს ასე“.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა, რომელიც ანა ფოტიგას შეხვდა, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მთავრობამ ევროკავშირს ზურგი აქცია:

„ანა ფოტიგა ჩემი დიდი ხნის მეგობარია, ჩვენ არაფორმალური შეხვედრა გვაქვს, ჩვენ შევაჯამებთ იმ შთაბეჭდილებებს, რაც მას ვიზიტიდან აქვს. უპრეცედენტო რამ მოხდა, არ მახსენდება, საქართველოს ხელისუფლებას ოდესმე გაებედა და ევროპარლამენტის წევრისთვის უარი ეთქვა იმ უფლების გამოყენებაზე, რომელიც მას აქვს - პატიმარს შეხვდეს ციხეში. ვფიქრობ, "ქართულმა ოცნებამ" ძალიან ნათელი სიგნალი გაუგზავნა არა მხოლოდ ანა ფოტიგას, ან მის პოლიტიკურ ჯგუფს, ან მის ქვეყანას, არამედ, ფაქტობრივად, ევროპას, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელიც ფაქტობრივად ზურგს აქცევს ევროკავშირს და ჩვენს მეგობრებს“.

დეპუტატის თქმით, ის, ვინც „ქართული ოცნების“, ბიძინა ივანიშვილის სამსახურშია ჩამდგარი, ასრულებს მის დავალებას, რომ საქართველოს არ შერჩეს მეგობრები დასავლეთში.

სამადაშვილი ამბობს, რომ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა არის ადამიანი, რომელიც მრავალი წელიწადია იბრძვის ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, დემოკრატიისთვის, რუსეთთან უმწვავესი დაპირისპირების მომენტებში იცავდა საქართველოს ინტერესებს და იბრძვის მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის:

„თუ სოზარ სუბარს მიაჩნია, რომ ასეთი ადამიანი არ იცნობს, საქართველოში რა ხდება და უფლება არ აქვს, ქვეყნის მესამე პრეზიდენტს შეხვდეს საპატიმროში, ეს ერთადერთ რამეს ამბობს - ყველაფერი გასაგებია! გასაგებია, ვის ემსახურება ეს ხელისუფლება! ვფიქრობ, გუშინდელი გადაწყვეტილებით, ალბათ, ძალიან კმაყოფილი იქნებოდა რუსეთი, რომელიც უპირისპირდება ყველა ისეთ ევროპელ პოლიტიკოსს, რომელიც ძალიან აქტიურად ატარებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ევროპაში“.

ცნობისთვის: ანა ფოტიგა საქართველოში 12 ნოემბერს ჩამოვიდა. მან რამდენიმე დღით ადრე განაცხადა, რომ ევროპარლამენტში შეშფოთებული არიან მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის გამო და რაც სააკაშვილის თავს ხდება, არასწორია.

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. ის ამჟამად სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. 11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში (გარდა გორის სამხედრო ჰოსპიტლისა) გადაყვანის შემთხვევაში მზადაა, შიმშილობა შეწყვიტოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S