"ხელისუფლება, რომლის ქვეყნის 20% ოკუპირებულია, აცხადებს, რომ ერთი ადამიანის ან ერთი შენობის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს?"
15/11/2021 08:30:29 პოლიტიკა
პარტია “საქართველოსთვის” წევრის ანა ბუჩუკურის თქმით, ხელისუფლების არგუმენტი, რომელიც ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების დაცვას უკავშირდება, მისთვის მისაღები არ არის.
"პატიმარს აქვს უფლება, მისი საქმის განხილვას დაესწროს. ხელისუფლების მხრიდან დამაჯერებელი პოზიცია არ მომისმენია, თუ რატომ ვერ უზრუნველყოფენ პატიმარს ამ უფლებით. თუ არგუმენტია, რომ მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების პრობლემა არსებობს, ანუ, რას გვეუბნებიან – ერთი ადამიანის ან ერთი შენობის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს? ამას ამბობს ხელისუფლება, რომლის ქვეყნის 20 პროცენტი არის ოკუპირებული? – რა თქმა უნდა, მათი პასუხი ჩემთვის მისაღები არ არის“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლო სხდომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, სააკაშვილს კვლავ არ მიეცა საკუთარ სასამართლოზე ფიზიკურად დასწრების საშუალება.
უწყების ცნობით, "მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის წარმოდგენა სასამართლო სხდომის დარბაზში მისი უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული". ამასთან, როგორც უწყებაში აღნიშნავენ, "ამ ეტაპზე მსჯავრდებულ სააკაშვილს შეწყვეტილი აქვს მკურნალობის არსებითი ნაწილი, სასამართლო პროცესზე გაყვანა და დასწრება წარმოადგენს დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის".
ცნობისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლოში თანხების გაფლანგვის საქმეზე სასამართლო პროცესი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გარეშე მიმდინარეობს.


