"ჩემი და ჩემი ქართველი კოლეგის რიგის მინისტერიალზე მიპატიჟება რუსეთს არ შეაჩერებს"
15/11/2021 19:40:02 პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტერიალზე საქართველოს პოზიცია იყო "ძალიან მკაფიო ყველა მოლოდინსა და სურვილზე, რომ ევროპული ინტეგრაცია და არჩევანი იყოს შესაბამისად ასახული დეკლარაციაში".
„დღევანდელი განხილვა მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენი მოლოდინები სამიტთან დაკავშირებით იქნება გაზიარებული ევროპელი პარტნიორების მხრიდან ყველა იმ ძირითად მიმართულებაზე, რაც დაკავშირებულია ევროპულ არჩევანთან, ევროკავშირის ძლიერი და მკაფიო როლის გამოკვეთასთან, ფიზიკური ინტეგრაციის კუთხით და ეკონომიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით. მოვისმინეთ ბევრი მხარდამჭერი გზავნილი ასოცირებულ ტრიოზე. ევროპელი პარტნიორები აღიარებენ ასოცირებულ ტრიოს, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფორმატს, რაც ევროკავშირისკენ სწრაფვას აძლიერებს და ადასტურებს ჩვენს სწორ არჩევანს, როგორ უნდა ვიაროთ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ყველა ერთხმად აღიარებს, რომ სამი ქვეყანა გამოკვეთილია, ჩვენ გვაქვს განსხვავებული პროგრესი და ეს უკვე აღიარებულია. მსგავსი მხარდამჭერი გზავნილების მიღება იყო ძალიან სასიამოვნო“, – განაცხადა ზალკალიანმა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება კი აცხადებს, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მონაწილე ქვეყნები დეკემბრის სამიტის დეკლარაციის ტექსტზე ევროკავშირთან ერთად მუშაობენ. თუმცა გარდა ამისა, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა შეთანხმდნენ, რომ ტექსტზე დასართავად შეთანხმებული წინადადებების პაკეტს მოამზადებენ:
"დეკემბერში, როდესაც სამიტზე მიღებული იქნება დეკლარაცია, ვნახავ დეკლარაციას და ამის შემდეგ გეტყვით, ვარ კმაყოფილი, თუ არა“.
მისივე თქმით, საქართველოსა და უკრაინის მიპატიჟება რიგის მინისტერიალზე, კარგი გზავნილია, თუმცა ეს ვერ შეაკავებს რუსეთს:
„ჩვენ ახლა ფოკუსირებულნი ვართ შემაკავებელ ქმედებებზე. ყველაფერი, რასაც შეუძლია რუსეთის შეკავება და აგრესიული მოქმედებების დემოტავაცია, უნდა იყოს განხილული და გამოყენებული. ჩემი და ჩემი ქართველი კოლეგის მიპატიჟება რიგის მინისტერიალზე, კარგი პოლიტიკური გზავნილია, კარგი შესაძლებლობაა, მაგრამ ეს არ შეაჩერებს რუსეთს. ეს შესაძლოა, იყოს მხოლოდ ერთი ელემენტი უფრო ფართო შემაკავებელი პაკეტის. ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს, რომ აქტიურად იმუშაონ ერთმანეთთან, კოორდინირებულად აქ, ევროპასა და მის საზღვრებს გარეთაც, რათა დარწმუნებული იყვნენ, რომ ეს შემაკავებელი პაკეტი არის მაქსიმალურად ყოვლისმომცველი და შეძლებისდაგვარად ეფექტური“.


