შიმშილობა კიდევ ერთმა ექიმმა დაიწყო
15/11/2021 20:32:19 პოლიტიკა
ექიმი კახა ბუცხრიკიძე შიმშილობას იწყებს.
"ჩემი შვილები და შვილიშვილები რომ მკითხავენ ასეთ დღეში რატომ ვართ, ვეტყვი, რომ მე ყველაფერი გავაკეთე რაც შემეძლო", - ამგვარად განმარტა საკუთარი გადაწყვეტილება ანესთეზიოლოგმა "TV პირველის" ეთერში.
მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა:
"პარტიული არ ვარ, მაგრამ ეს ყველაფერი ზღვარს სცილდება. პატიმარს, რომელიც 46 დღეა შიმშილობს, დასცინიან, მთელი რუსეთი გაახარეს. მეტი არაფრის გაკეთება შემიძლია… მე შემიძლია ავადმყოფს ვუმკურნალო და ვიშიმშილო. გადავწყვიტე შიმშილობა!".
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა 12 ნოემბერს საქართველოს კლინიკების ასოციაციის დამფუძნებელმა, პროფესორმა ვილი პაჭკორიამ დაიწყო.
„ძაღლი პატრონს ვერ ცნობს ქვეყანაში. არც ექიმის მოთხოვნაზე რეაგირებს ჯანდაცვის მინისტრი. ექიმსაც კი არ იღებს ჯანდაცვის მინისტრი, არათუ პოლიტიკოსებს.
სამწუხაროდ, ვცხოვრობთ რეალობაში, როცა პაციენტის სიცოცხლე არ არის დაცული ქვეყანაში. ვერ შევაგნებინეთ ვერც ჯანდაცვის სამინისტროს და ვერც მთავრობას, რომ საშიშროება რეალურია.
ვშიმშილობ იმიტომ, რომ ქვეყანაში დაცული იყოს პაციენტის უფლება და იგი დროულად გადაიყვანონ მაღალტექნოლოგიურ, მულტიპროფილურ დაწესებულებაში, სადაც რეალურად შეძლებენ მის გადარჩენას“, - აღნიშნა მედიცინის მუშაკმა.
14 ნოემბერს შიმშილობა დაიწყო ათმა პარლამენტარმა. მათ დღეს რუსთავისა და ზუგდიდს საკრებულოს წევრებიც შეუერთდნენ. უკვე მე–14 დღეა შიმშილობს დეპუტატი ელენე ხოშტარია.
მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 დაწესებულების კლინიკაში გადაიყვანეს 8 ნოემბერს, მისი ნების საწინააღმდეგოდ. სააკაშვილი თანახმაა, შეწყვიტოს შიმშილობა, სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის სანაცვლოდ.


