ბოკუჩავა: "სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ციხის შენობის დატოვების საშუალებას არ მაძლევდნენ"
16/11/2021 04:27:02 პოლიტიკა
ენმ-ის წევრი, დეპუტატი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გლდანის ციხის ადმინისტრაცია ტერიტორიიდან გასვლის საშუალებას არ აძლევდა.
ბოკუჩავას თქმით, ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრა მალე დასრულდა, თუმცა პენიტენციურ დაწესებულებაში რამდენიმე საათი შეაყოვნეს.
"ამ ციხის ადმინისტრაციაში არიან მწვალებლები, უბრალოდ სადისტები, რომლებიც არ მაძლევდნენ ციხის შენობის დატოვების შესაძლებლობას, დროის მონაკვეთი ვერ განვსაზღვრე, მაგრამ დაახლოებით 2 საათი იყო ეს.
მე სააკაშვილთან შეხვედრა დავასრულე მალე, ჩვენ კონკრეტულ საკითხზე უნდა გვესაუბრა და ჩვენი შეხვედრა დასრულდა ძალიან მალე და შემდგომ ციხის ადმინისტრაცია არ მაძლევდა შენობის დატოვების შესაძლებლობას", - ამბობს ბოკუჩავა.
ბოკუჩავას მომხდართან დაკავშირებით საკუთარი ვერსია აქვს:
"მე ციხიდან აქეთ არ მიშვებდნენ, ნიკოლოზ ყიფშიძეს შიგნით არ უშვებდნენ. შეიძლება ჩემი შეფერხებაც იმით იყო განპირობებული, რომ ნიკოლოზ ყიფშიძე არ შეეშვათ და ეთქვათ, რომ თინა ბოკუჩავა იყო შეხვედრაზე, მაგრამ ეს ასე არ არის. შეუძლიათ ამოიღონ კადრები და ნახონ, რომ ჩემი შეხვედრა დასრულდა მალე".
ცნობისთვის: ნიკოლოზ ყიფშიძე დაწესებულებაში ხუთსაათიანი ლოდინის შემდეგ არ შეუშვეს.


