"ჩამოვედი და დღეიდან ვიწყებ შიმშილობას, თუ ჩვენ დავკარგეთ სააკაშვილი, დავკარგავთ საქართველოს"
16/11/2021 06:02:50 პოლიტიკა
მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობას იწყებს. იგი საქართველოში დღეს დაბრუნდა. ჯერ უცნობია სად აპირებს შიმშილობის დაწყებას, თუმცა როგორც ბურჭულაძე აცხადებს, ინფორმაცია, თითქოს ის შიმშილობს კონსერვატორიაში იწყებს, სიცრუეა.
"გარდა იმისა, რომ არ გადაჰყავთ მიხეილ სააკაშვილი მულტიფუნქციურ კლინიკაში, გარდა მაგისა, კიდევ გამოაქვეყნეს სამარცხვინო კადრები, შეგვარცხვინა მთელი საქართველო, ამიტომაც ჩამოვედი. მინდა, ჩემი მოკრძალებული პროტესტი გამოვთქვა და დღეიდან დავიწყო შიმშილობა, შევუერთდები მე ჩემებურად. მე არ მინდა, მონაწილე ვიყო ჩემი პრეზიდენტის გარდაცვალების, თუ ჩვენ დავკარგეთ სააკაშვილი, ჩვენ დავკარგავთ საქართველოს, დავკარგავთ მკაფიო და ნათელ წარსულს, რომელიც ჩვენ გვქონდა", - განაცხადა ბურჭულაძემ.
ცნობისთვის: ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ყოფილი პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. სააკაშვილის თქმით, 8 ნოემბერს იგი რუსთავის საპატიმრო დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით მიიყვანეს, ხოლო ადგილზე მისულს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. სააკაშვილი, მისი ექიმები, უფლებადამცველები და მხარდამჭერები, ასევე უცხოელი და ქართველი პოლიტიკოსებისა და დიპლომატების ნაწილი ექს–პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.


