Accentnews.ge
"ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ უკრაინის სახალხო დამცველი საქართველოში "დესტაბილიზაციის გასაღვივებლად" ჩამოვიდა

"ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ უკრაინის სახალხო დამცველი საქართველოში "დესტაბილიზაციის გასაღვივებლად" ჩამოვიდა

16/11/2021 09:04:54 პოლიტიკა

"ქართულ ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ უკრაინის სახალხო დამცველი საქართველოში "დესტაბილიზაციის გასაღვივებლად" ჩამოვიდა.

შესაბამისი განცხადება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა:

"უკრაინის სახალხო დამცველი იქნება, თუ დეპუტატი ვისიც გინდა იყოს, თუნდაც ჟურნალისტი გორდონი, რომელიც შემოდის ქვეყანაში, როცა მათ უარს ეუბნებიან შემოსვლაზე, განპირობებულია იმით, რომ ისინი თავის მოვალეობის შესასრულებლად კი არ მოდიან, არამედ იმისთვის, რომ დესტაბილიზაციის პროცესი გააღვივონ, განავითარონ და დამატებითი საწვავი შესძინონ ამ დესტაბილიზაციის მცდელობას, რაც პირადად მიხეილ სააკაშვილს და ნაცმოძრაობას გააჩნია".

„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკური მიზნებისათვის საქართველოს შიდა მდგომარეობა არავის უნდა გამოაყენებინონ:

"ჩვენ ყველამ უნდა გავიგოთ, ის, რომ სააკაშვილი არ სცემს პატივს იმ ქვეყანას, რომლის პრეზიდენტიც იყო, ეს არ უნდა გახდეს წესი და რიგი, ანუ საქართველო ყველას ფეხების შესაწმენდი ქვეყანა არ არის. უკრაინის დეპუტატი იქნება თუ სახალხო დამცველი, კეთილი უნდა ინებოს და პატივი სცეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და პოლიტიკური მიზნებისათვის ჩვენი ქვეყნის შიდა მდგომარეობა არავის უნდა გამოვაყენებინოთ. ამიტომ მან უნდა მიმართოს სახელმწიფოსაც და შესაბამისი პროცედურებიც გაიაროს. შესაბამისი პატივისცემა უნდა გამოხატოს საქართველოს სახელმწიფოს მიმართ“.

კიდევ ერთი დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის სახალხო დამცველის იურისდიქცია საქართველოში არ ვრცელდება და უკრაინის მიღმა ლუდმილა დენისოვა კერძო პირია:

"არავის ხომ არ გინახავთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველი წასულიყო სხვა ქვეყანაში და საქართველოს მოქალაქეების ინტერესებზე ეზრუნა. ისევე, უკრაინის ომბუდსმენს არანაირი იურისდიქცია არ აქვს, ის საქართველოში არ არის ომბუდსმენი, ის გახლავთ კერძო პირი, უკრაინის მოქალაქე, რომელიც ჩამოსულია საქართველოში. მისი ამოცანა არ არის საქართველოს სახელმწიფოსგან უკრაინის მოქალაქის დაცვა. ეს ამოცანა გააჩნია კონსულს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელსაც აქვს სრული წვდომა და შესაძლებლობა, შეხვდეს სააკაშვილს. რაც შეეხება ომბუდსმენს, მისი ამოცანა გახლავთ უკრაინის ტერიტორიაზე ნებისმიერი ადამიანის უფლებების დაცვა, არამხოლოდ მოქალაქის".

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, უკრაინელ ომბუდსმენს ურჩევს, "მეტი ყურადღება დაუთმოს უკრაინულ ციხეებში მყოფ ათი ათასობით პატიმარს":

„ომბუდსმენს ჰყავს ათი ათასობით პატიმარი უკრაინულ ციხეებში და მგონი, სჯობს მეტი ყურადღება დაუთმოს იმ პატიმრებს, რომლებიც არიან ამ სახელმწიფოს სასჯელაღსრულების სისტემაში. თან ჩამოვყალიბდეთ ერთ რამეზე - ეს კაცი უკრაინის მოქალაქეა, თუ მესამე პრეზიდენტია, მგონი არც ერთია და გეტყვით რატომ - ყველამ ვიცით, რას ნიშნავს მისი უკრაინის მოქალაქეობა და შეაწუხა ეს ქვეყანაც მთელი ეს წლებია. რაც შეეხება მის მესამე პრეზიდენტობას, არანაირი სიმბოლო პრეზიდენტის ინსტიტუტის ის არ არის ერთი მარტივი მიზეზის გამო, რადგან ის ამ თანამდებობას იყენებდა უკიდურესად ბოროტად, ამაში შედის წამება, არაადამიანური მოპყრობა, ტერიტორიების ჩაბარება და ა.შ. აქედან გამომდინარე ის არის არა პრეზიდენტის ინსტიტუტის სიმბოლო, არამედ ანტისიმბოლო ისევე, როგორც დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი იყო მაგალითად, მუსოლინი, ჩაუშესკუ და ა. შ მაგრამ არც ერთი მათგანი არც იტალიის და არც რუმინეთის სიმბოლოდ არ განიხილება, რადგან ისინი არიან ანტი სიმბოლოები".

მისივე თქმით, უკრაინის ომბუდსმენს აღშფოთება მაშინ არ გამოუხატავს, როცა უკრაინაში „ათრევინა თავი თმებით სააკაშვილმა სამართალდამცველებს“:

„ვიღაცებმა ახლა შეიცხადეს, რომ თურმე სამარცხვინო მდგომარეობაში იხილეს პრეზიდენტი, მე შეგახსენებთ, რომ როცა თმებით ათრევინა თავი უკრაინის სამართალდამცავებს სააკაშვილმა, მაშინ საქართველოში აღშფოთება არავის გამოუხატავს, გახსოვთ ვინმე გამოსული და ამაზე პროტესტის გამომხატველი ან უკრაინელი ომბუდსმენი გახსოვთ მაშინ, რომ გამოვიდა და აღშფოთდა?! რა მნიშვნელობა აქვს, რომ ახლა სხვა ომბუდსმენი ჰყავს უკრაინას, აქ საუბარია ინსტიტუტებზე“.

მანამდე, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ უკრაინის სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს, რადგან საქართველოს კანონმდებლობით, "არ არის ამის აუცილებლობა, ხელისუფლებას არ აქვს ამის ვალდებულება":

"საქართველოს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული უკრაინის სახალხო დამცველის შესვლა. არ არის ამის აუცილებლობა და არ გვაქვს ამის ვალდებულება. შესაბამისად, როდესაც პატიმარი იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში, ჩვენ ვალდებული ვართ მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს ბოლომდე დაცული. სწორედ ამ მოტივებით ქალბატონი სახალო დამცველი ჯერ–ჯერობით არ იქნა შეშვებული. ასევე შემოსულია წერილი საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით და ჩვენ აუცილებლად დავუბრუნებთ პასუხს".

კითხვაზე შეხვდა თუ არა იგი უკრაინის სახალხო დამცველს, მან შემდეგი განაცხადა:

"წინა შემთხვევაში, როდესაც ქალბატონი დენისოვა იმყოფებოდა სააკაშვილთან, გააკეთა ცალმხრივი განცხადება. ალბათ, კარგი იქნებოდა მაშინ შევხვედრილიყავით და მოესმინა ჩვენი პოზიცია და გათვალისწინებული ყოფილიყო ორივე მხარის პოზიცია. პირველად, როდესაც იგი მე–12 დაწესებულებაში იმყოფებოდა, გამოსვლის შემდეგ მან გააკეთა მხოლოდ და მხოლოდ ცალმხრივი შეფასება და არ შეგვეკითხა, კითხვაც კი არ დაუსვამს ჩვენთვის არც ერთი იმის თაობაზე, შეესაბამებოდა თუ არა ის ინფორმაცია სინამდვილეს, რომელიც მას მიაწოდეს".

უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა, რომელსაც ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ამ დრომდე არ უშვებენ ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტზე ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლა მიმდინარეობს.

დენისოვას თქმით, კონსილიუმის წევრი ექიმის ნინო შარაშენიძისგან მიიღო ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლებას გასტროენტეროლოგის ჩართვის აუცილებლობაზე შეატყობინა, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილს სისხლდენა დაეწყო.

შეგახსენებთ, რომ კონსილიუმს მე–3 დღეა, ექს–პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრის და მდგომარეობის შემოწმების საშუალება არ აქვს. "ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 დაწესებულებაში ექიმების უფრო მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშაა", – ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ შეუშვეს პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრეზიდენტთან კონსილიუმი.

ცნობისთვის: ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ყოფილი პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. სააკაშვილის თქმით, 8 ნოემბერს იგი რუსთავის საპატიმრო დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით მიიყვანეს, ხოლო ადგილზე მისულს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. სააკაშვილი, მისი ექიმები, უფლებადამცველები და მხარდამჭერები, ასევე უცხოელი და ქართველი პოლიტიკოსებისა და დიპლომატების ნაწილი ექს–პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S