სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით ბათუმში ორმა მოქალაქემ შიმშილობა დაიწყო
16/11/2021 13:27:03 პოლიტიკა
ბათუმში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ორმა მხარდამჭერმა შიმშილობა დაიწყო. მათი მთავარი მოთხოვნა მესამე პრეზიდენტის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში გადაყვანაა.
მოშიმშილეები აცხადებენ, რომ სააკაშვილს სამართლიანი სასამართლოს უფლება უნდა მიეცეს. მათი თქმით, ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებები ქვეყანაში ძალადობას ახალისებს და ადამიანის უფლებები ფეხქვეშ ითელება.
კახა მიქელაძე და ალექსანდრე ბერიძე მოქალაქეებს მოუწოდებენ, საპროტესტო აქციებში აქტიურად ჩაერთონ.
ცნობისთვის: ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ყოფილი პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. სააკაშვილის თქმით, 8 ნოემბერს იგი რუსთავის საპატიმრო დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით მიიყვანეს, ხოლო ადგილზე მისულს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 11 ნოემბერს სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ. იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოს აქვს ყველა შესაძლებლობა, რათა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა. სააკაშვილის ადვოკატები და ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში შესაბამისი პირობები არ არსებობს და მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით თბილისში ენმ–ის მიერ ორგანიზებული პერმანენტული საპროტესტო აქციები გრძელდება.


