"გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის გადაყვანაზე კუჭავა მე და ბადრი ჯაფარიძეს გვესაუბრა"
16/11/2021 19:08:11 პოლიტიკა
“ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შესახებ მას და მის თანაპარტიელ ბადრი ჯაფარიძეს ესაუბრა.
როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ეს შეხვედრა 8 ნოემბერს შედგა, როდესაც ექს–პრეზიდენტი ჯერ კიდევ რუსთავის ციხეში იმყოფებოდა.
მისი თქმით, შეხვედრა ოპოზიციურ კოალიციასთან შეთანხმებით შედგა, მათი მიზანი კი კრიზისის თავიდან აცილება იყო.
“ბატონი კუჭავა ამ ამბავს იხსენებს დღეს. ჩვენი შეხვედრა კი 8 რიცხვში იყო. ჩვენ კოალიციასთან შეთანხმებით მივედით. [...] გორის ჰოსპიტალი თვითონ ახსენა, გორიც შეიძლება, ამ სიაში იყოსო, ჩვენთვის გორიც მისაღები იქნებოდა და ნებისმიერ კლინიკაც, მთავარია, ციხეში მას რამე არ დამართნოდა. რა მოხდა რეალურად? მან თქვა, რომ მე ეს გავლენა არ მაქვს და ალბათ, გაჭირდება ორგანიზებაო. ჩვენ რომ გვხდებოდა, ამ დროს სპეცოპერაცია მზადდებოდა თურმე და 2 საათში მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გადაიყვანეს გლდანში. მე ასე მგონია, რომ საერთოდ არავინ არაფერს ეკითხება [კუჭავას]”,– განაცხადა ხაზარაძემ "TV პირველის" ეთერში.
ცნობისთვის: პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ გუშინ განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიები სთავაზობდნენ, სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადაეყვანათ, თუმცა მან არ დაასახელა, ვისგან მიიღო ეს შეთავაზება.


