Accentnews.ge
აშშ რუსეთს ზებგერითი იარაღის ტექნოლოგიების მოპარვაში ადანაშაულებს, მოსკოვი კი ირწმუნება, რომ ვაშინგტონს უსწრებს

აშშ რუსეთს ზებგერითი იარაღის ტექნოლოგიების მოპარვაში ადანაშაულებს, მოსკოვი კი ირწმუნება, რომ ვაშინგტონს უსწრებს

15/08/2019 07:35:24 სხვა, მსოფლიო, თავდაცვა

აშშ–მა ქვეყნის სამხედრო–საჰაერო ძალების ისტორიაში უმძლავრესი ზებგერითი ძრავა წარმატებით გამოსცადა. კერძოდ, ქვეყნის სამხედრო–საჰაერო ძალების ოფიციალური ინფორმაციით, ამერიკულმა სამხედრო–სამრეწველო კომპანია Northrop Grumman–მა სარაკეტო დანადგარის გამოცდისას საჰაერო ზებგერითი ძრავებისთვის ახალი რეკორდი დაამყარა – 5896,7 კგძ. 

მისივე ინფორმაციით, ტესტის ფარგლებში ზებგერითმა საჰაერო–რეაქტიულმა ძალოვანმა აგრეგატმა ჯამში 30 წუთი იმუშავა და 58 კილონიუტონის მაქსიმალური წევა განავითარა, რაც მახის ოთხი რიცხვის ოდენობის სიჩქარეს შეესაბამება. გამოცდილი ძრავა სიგრძით 5,5 მეტრია, რაც გამანადგურებლებისთვის განკუთვნილი ძალოვანი აგრეგატის სტანდარტულ ზომას წარმოადგენს.

ცდები ტენესის შტატში, არნოლდის ავიაბაზის საცდელ დანადგარზე ჩატარდა.

ცდებში მონაწილე ზებგერითი ძრავის შემუშავება 10 წლის წინ, ზებგერითი ფრთოსანი რაკეტა X-51-ის გამოცდის ფარგლებში დაიწყო. ძრავა გათვლილია სამხედრო ზებგერითი თვითმფრინავებისა და ფრთოსანი რაკეტებისთვის.

სადღეისოდ აშშ–ის სამხედრო–სამრეწველო კომპანიები პენტაგონის დაკვეთით ზებგერითი იარაღის 2 გასაიდუმლოებულ პროგრამაზე - HACM  (Hypersonic Advanced Capability Missile) და HCCW  (Hypersonic Counter-Cruise Weapon) მუშაობენ.

აშშ–ის თავდაცვის სამინისტრო უახლოესი 5 წლის განმავლობაში ზებგერითი საფრენი აპარატების პროტოტიპების 40 ტესტის ჩატარებას გეგმავს. ზებგერითი ტექნოლოგიების ნაწილში ამერიკის სამხედრო უწყების 2020 ფინანსური წლის ბიუჯეტი 2,6 მლრდ დოლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა რუსეთს ახალი ზებგერითი იარაღის შექმნისათვის შტატებისგან მოპარული ტექნოლოგიების გამოყენებაში დასდო ბრალი.  ასე გამოეხმაურა ბოლტონი „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას 8 აგვისტოს რუსეთში, სევეროდვინსკის სიახლოვეს მომხდარ ბირთვულ ავარიას, რომელიც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, კვების იზოტოპური წყაროს მქონე რეაქტიული საძრავო დანადგარის მორიგ წარუმატებელ გამოცდას წარმოადგენდა. 

როგორც აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა აღნიშნა, მან მეტი იცის, ვიდრე შეუძლია, გაახმოვანოს, თუმცა ეს ინციდენტი იმის მაგალითს წარმოადგენდა, როგორ აწარმოებს რუსეთი სამუშაოებს ბირთვული იარაღის მიწოდების საშუალებების შესაქმნელად. 

„აქ რაღაც ისე არ წავიდა, როგორც დაგეგმილი იყო, მაგრამ მომხდარი დემონსტრირებაა იმისა, რომ  მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის თვალსაზრისით რუსეთი შეიძლება, ნიდერლანდებს შევადაროთ, იგი მაინც ამდენს ხარჯავს თავდაცვაზე, რათა არა მარტო საკუთარი ბირთვული არსენალის მოდერნიზება მოახდინოს, არამედ შექმნას მიწოდების საშუალების ახალი სახეობები – რაკეტები ზებგერითი ბლოკებით, ზებგერითი რაკეტები, რომელთა ტექნოლოგიები დიდწილად აშშ–სგანაა მოპარული“, – განაცხადა ბოლტონმა და იქვე დასძინა, რომ "რუსეთის ეს შესაძლებლობები და ალბათობა იმისა, რომ აღნიშნულ ტექნოლოგიებს სხვა ქვეყნებიც მოიპოვებენ, აშშ–ისა და მისი მოკავშირეებისთვის პრობლემად რჩება". 

როგორც რუსული მედია აღნიშნავს, „ამერიკის ხმის" ინტერვიუს განსაჯაროებულ ნაწილში ბოლტონი არ აკონკრეტებს, რუსეთის კერძოდ რომელ კვლევებზეა საუბარი. ცნობილია მხოლოდ, რომ მოსკოვი რამდენიმე ზებგერითი რაკეტის შექმნას ცდილობს, მათ შორის – გემსაწინააღმდეგო „ცირკონის“, კომპლექს „ავანგარდის“, რომელსაც ზებგერითი ფრთოსანი ბლოკი გააჩნია და საავიაციო კომპლექს „ხანჯლის“.

თავის მხრივ, კრემლი ირწმუნება, რომ 8 აგვისტოს ინციდენტის მიუხედავად, სადღეისოდ ბირთვული იარაღის წარმოებაში აშშ–ს უსწრებს. 

ტვიტერში პრეზიდენტ ტრამპის 14 აგვისტოს ცნობილი „პოსტის“ საპასუხოდ კრემლში განაცხადეს, რომ როდესაც ბირთვული შეიარაღების შექმნაზეა საუბარი, წინ სწორედ რუსეთია და არა აშშ. 

„ჩვენს პრეზიდენტს არაერთგზის აღუნიშნავს, რომ ამ მიმართულებით რუსეთის მიღწევები სადღეისოდ მნიშვნელოვნად აჭარბებს დონეს, რომლის მიღწევაც სხვა ქვეყნებმა შეძლეს, და საკმაოდ უნიკალურია“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

ცნობისთის: 8 აგვისტოს სევეროდვინსკის მიდამოებში, სოფელ ნიონოკსის სიახლოვეს მდებარე პოლიგონზე მომხდარი აფეთქების შედეგად „როსატომის“ 5 თანამშრომელი დაიღუპა და, სულ მცირე, 15 დაშავდა. 

არხანგელსკის ოლქის ადგილობრივმა ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ აფეთქების შემდეგ ხელსაწყოებმა რადიაციის დონის "20–ჯერ მატება" დააფიქსირეს, თუმცა მოგვიანებით იგი ნორმას დაუბრუნდა".  

ახლომდებარე სევეროდვინსკის ადმინისტრაციამ აფეთქების შემდეგ ასევე გაავრცელა ინფორმაცია რადიაციის დონის მატების შესახებ, თუმცა მეორე დღეს მისი ოფიციალური საიტიდან ეს ინფორმაცია გაქრა.

რუსეთის ბირთვული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ალექსანდრე ჩერნიშოვმა დაადასტურა ინფორმაცია კატასტროფის ადგილიდან 30 კმ–ში მდებარე ქალაქ სევეროდვინსკში ხანმოკლე რადიოაქტიური რყევის შესახებ და მომხდარს „არაპროგნოზირებადი სცენარი“ უწოდა. „დაფიქსირდა მაჩვენებლების გაორმაგება, რომელიც დაახლოებით ერთ საათს გრძელდებოდა, თუმცა ამ დროისთვის ყველაფერი ნორმაშია, არანაირი ნარჩენი რადიოაქტიური დაბინძურება არც ჩვენს ექსპერტებს დაუფიქსირებიათ, არც სპეციალისტებს გარედან“, – აღნიშნა მან.

10 აგვისტოს ბირთვული ცდების საყოველთაო აკრძალვის შესახებ შეთანხმების ორგანიზაციამ დააფიქსირა სეისმური და ინფრახმოვანი რყევები, რომელიც დროში არხანგელსკის ოლქში მდებარე სამხედრო პოლიგონზე მომხდარ ავარიას ემთხვეოდა. 

„აქცენტი“ უკვე წერდა იმის შესახებ, რომ ავარიის შედეგად დაშავებულები მოსკოვში უსაფრთხოების მკაცრი პირობების დაცვით გადაიყვანეს: რეანომობილების ბრიგადების თანამშრომლები სპეცტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილები, თავად მანქანები სპეციალური საფარით იყო შეფუთული, ვერტმფრენიდან დაშავებულების ჩამოყვანამდე კი ავტომობილები რადიაციულ ფონზე შეამოწმეს.



ადგილობრივი მედია ანონიმ თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დაღუპულებს „საშინელი დასხივება ჰქონდათ მიღებული და უბრალოდ სისხლი მოეხარშათ“.

სევეროდვინსკის ადმინისტრაციის თავდაპირველი ცნობების, საყოველთაო აკრძალვის შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის მონაცემებისა და ადგილობრივების შემაშფოთებელი ინფორმაციის მიუხედავად, რუსეთის ხელისუფლება განაგრძობს იმის მტკიცებას, რომ რადიაციული ფონის მატება ხანმოკლე იყო და მდგომარეობა მელევე ნორმალიზდა. 

ამავე დროს, როგორც ბირთვული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი ვიაჩესლავ სოლოვიოვი აცხადებს, სახელმწიფო კომისია აწარმოებს ავარიის საქმის გამოძიებას „მომხდარის მასშტაბებისა და მიზეზების დასადგენად". 


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S