ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ლეიბები გაშალეს
17/11/2021 10:15:41 პოლიტიკა
ზუგდიდის ახალი მოწვევის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობიდან“ არჩეულმა წევრებმა, რომლებიც ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, მესამე დღეა, საკრებულოს შენობაში შიმშილობენ, სხდომათა დარბაზში ლეიბები გაშალეს.
დაცვის სამსახურის თანამშრომლები ლეიბების შეტანას წინააღმდეგობას უწევდნენ და ადგილზე ხმაური იყო.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, ამ ფორმით აპროტესტებენ 2017 წლის მოწვევის საკრებულოს მიერ 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის განხილვას და დოკუმენტის დაჩქარებული წესით მიღების გადაწყვეტილებას, რადგან მათი თქმით, "ეს ბიუჯეტი არ არის ხალხზე მორგებული და მიზნად ისახავს მერიის თანამშრომლებისთვის ხელფასის გაზრდას".
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, ბიუჯეტის მიღების ბოლო ვადა არის 30 დეკემბერი. საარჩევნო კომისიას არჩევნების შეჯამებიდან 30 დღის განმავლობაში შეუძლია ჩანიშნოს ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა, რაც ნიშნავს, რომ ახლადარჩეული საკრებულოები ეტევიან ყველანაირ სამართლებრივ ვადებში განიხილონ და დაამტკიცონ 2022 წლის ბიუჯეტი. თუმცა, დღეს მივიღეთ რეალობა, როდესაც საკრებულოში უმცირესობაში გადასული მმართველი პარტია იღებს გადაწყვეტილებას და განიხილავს და ემზადება 2022 წლის ბიუჯეტის დაჩქარებული წესით მისაღებად იმის შიშით, რომ საკრებულოში მათ არა აქვთ უმრავლესობა და ახალი საკრებულოების პირობებში ბიუჯეტის ორჯერ ჩავარდნას შეიძლება მოყვეს რიგგარეშე არჩევნები”, - განაცხადა ენმ–ის წევრმა ანა წითლიძემ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ჭეჟია ოპოზიციის წარმომადგენელთა ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ეს მხოლოდ მათი ვარაუდებია:
"ზუსტად ამ პროცესებში ვართ დღეს. სხვა განსაკუთრებული არ ხდება. როგორც კი შემოვიდა ბიუჯეტი, განხილვის ვადებს წყვეტს ბიურო. ბიუროს შემადგენლობაში შედიან, როგორც სახელისუფლებო პარტიის ფრაქციის ხელმძღვანელები, ასევე ოპოზიციური ფრაქციის ხელმძღვანელები. ბიუროზე იქნა განხილული და დადგენილი ვადები, როდის განეხილათ კომისიურად საკრებულოში ბიუჯეტის პროექტი, როდის განეხილათ ფრაქციებს და როდის მოგვეწყო საჯარო განხილვა. აქედან გამომდინარე, პროექტი განხილულ იქნა ამ გრაფიკის შესაბამისად კომისიებში. ამ კომისიების მუშაობაში აქტიურად იყვნენ ჩართული ოპოზიციიდან ჩვენი დეპუტატები".


