"საქართველოში მილიონ ადამიანს უშიმშილია და არ დასჭირვებია მულტიფუნქციური კლინიკა"
17/11/2021 10:50:32 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, "საქართველოში მილიონ ადამიანს უშიმშილია და არ დასჭირვებია მულტიფუნქციური კლინიკა".
"მილიონ ადამიანს უშიმშილია საქართველოში. შიმშილობის შემდეგ არავის არ დასჭირვებია არანაირი მულტიფუნქციური და მაღალტექნოლოგიური კლინიკა, იმისათვის, რომ გაიაროს რეაბილიტაცია. ერთადერთი, რაც სჭირდება ადამიანს შიმშილობის შემდეგ, ესაა საკვების სათანადო დოზირება", - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის: ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ყოფილი პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. სააკაშვილის თქმით, 8 ნოემბერს იგი რუსთავის საპატიმრო დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით მიიყვანეს, ხოლო ადგილზე მისულს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 11 ნოემბერს სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ. იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოს აქვს ყველა შესაძლებლობა, რათა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა. სააკაშვილის ადვოკატები და ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში შესაბამისი პირობები არ არსებობს და მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით თბილისში ენმ–ის მიერ ორგანიზებული პერმანენტული საპროტესტო აქციები გრძელდება.


