"მოვუწოდებ სააკაშვილს, შეწყვიტოს შიმშილობა და დაასვენოს ეს ქვეყანა, თვითონაც დაისვენებს, მინიმუმ, 6 წელი, სადაც იჯდება"
17/11/2021 11:00:57 პოლიტიკა
მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს, შეწყვიტოს დესტრუქცია, შეწყვიტოს შიმშილობა და დაასვენოს ეს ქვეყანა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს და ქუჩაში აქციებით მუხტსაც ვერ შექმნის.
"როგორც არ ჰქონდათ მუხტი არჩევნებზე, ასევე არ აქვთ მუხტი ქუჩაში. აქედან გამომდინარე, გადადიან ისინი რადიკალურ ნაბიჯებზე. მათ და პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილს მოვუწოდებ, რომელიც კვირაზე მეტია, არ ასრულებს სტრასბურგის მოწოდებას, - შეწყვიტოს დესტრუქცია, შეწყვიტოს შიმშილობა და დაასვენოს ეს ქვეყანა. თვითონაც დაისვენებს მგონი, მინიმუმ, 6 წელი, სადაც იჯდება“, - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, რომ ქვეყნის კურსი იცვლება, კობახიძე ამბობს, რომ ეს სპეკულაციაა:
„ესენი არიან ადამიანები, რომელთა ლიდერებიც არა მარტო ლანძღავდნენ კონკრეტულ დიპლომატებს და პოლიტიკოსებს, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, არამედ, ინსტიტუტებსაც, მიხეილ სააკაშვილის თამადობით. თქვენ გახსოვთ სააკაშვილის, მელიას, გვარამიას განცხადებები და ა.შ. როდესაც ისინი საუბრობენ გამოგონილი კურსის ცვლილებაზე, ეს არის ცარიელი სპეკულაცია და მოვუწოდებ მათ, რომ ასეთი სპეკულაცია შეწყვიტონ“.


