ადვოკატი: "სააკაშვილი აღნიშნავს, რომ პერსონალმა არ იცოდა იმ აპარატურის გამოყენება, რომელიც ამ კლინიკაში სასწრაფო წესით არის მიტანილი"
17/11/2021 12:00:26 პოლიტიკა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის შოთა თუთბერიძის განცხადებით, "მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ პერსონალმა არ იცოდა იმ აპარატურის გამოყენება, რომელიც ამ კლინიკაში სასწრაფო წესით არის მიტანილი".
"პრეზიდენტი მადლიერებას გამოხატავს, როგორც იმ კონსილიუმის მიმართ, რომელიც წუხელ ესტუმრა. იგი აღნიშნავს, რომ პერსონალმა უბრალოდ არ იცოდა იმ აპარატურის გამოყენება, რომელიც ამ კლინიკაში სასწრაფო წესით არის მიტანილი და გაოცებული იყო, გაკვირვებული იყო, როცა შეამჩნია, რომ კონსილიუმის წევრებმა როცა ითხოვეს, გაესინჯათ, დიაგნოსტიკა მოეხდინათ, უბრალოდ არ იყო პერსონალი, ვინც ამას გააკეთებდა და ვისაც ეცოდინეობდა ამ აპარატურასთან როგორ უნდა ემუშავა", - განაცხადა შოთა თუთბერიძემ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი მულტიპროფილური სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილთან 16 ნოემბერს, გვიან ღამით შევიდა. კლინიკა „ღია გულის“ ანესთეზიისა და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი გრიგოლიამ მედიასთან თქვა, რომ ინტენსიური თერაპიის პალატა კარგად აღჭურვილი და დაკომპლექტებულია, თანამშრომლები გადმოყვანილი არიან რესპუბლიკური საავადმყოფოდან. თუმცა გრიგოლიას თქმით, სააკაშვილისნაირი პაციენტის მკურნალობის გამოცდილება დაწესებულებას არ აქვს და მისი იქ მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი.


