„დღევანდელი ხელისუფლება არ შეიძლება, დაემსგავსოს წინამორბედს: დაცინვა, შეურაცხყოფა მიუღებელია!“
17/11/2021 14:05:51 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ "პირველ რიგში, დაცული უნდა იყოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ღირსება, მისივე ქცევის მიუხედავად".
„დღეს მინდა, ხელისუფლებას და საზოგადოებას მივმართო და ამ სერიოზულ საკითხთან მიმართებით გავაცნო ჩემი შეხედულება.
დაცული უნდა იყოს ყოფილი პრეზიდენტის ღირსება მისივე ქცევის მიუხედავად, რამეთუ ყოფილი პრეზიდენტი მაინც დაკავშირებულია სახელმწიფოსთან და ამ სტატუსს უნდა ეცეს პატივი, ამდენად იმ კადრების გავრცელება, რომლებიც ღირსებისა და პატივის შემლახველია, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტისთვის, კატეგორიულად მიუღებელია.
საზოგადოებას კარგად ახსოვს თუ როგორ ექცეოდნენ პატიმრებს ყოფილი პრეზიდენტის სასამართლოსა და პენიტენციურ სისტემაში, ამიტომ დღევანდელი ხელისუფლება არ შეიძლება, რამეში დაემსგავსოს წინამორბედს. ამიტომ გულგრილობა, დაცინვა, ქილიკი, შეურაცხყოფა მიუღებელია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ, დარწმუნებული ვარ, მთელი საზოგადოებისთვის", – განაცხადა პრეზიდენტმა.
ამასთან, როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, კანონის წინაშე ყველა თანაბარია, მაგრამ ციხეში მყოფი ექსპრეზიდენტი არ არის და ვერ იქნება რიგითი პატიმარი, იგი განსაკუთრებული პატიმარია.
მისივე თქმით, ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრება არის ძალიან დიდი გამოწვევა:
„დიდი გამოწვევაა სასამართლო სისტემისთვის, პენიტენციური სამსახურისთვის, ხელისუფლებისთვის და ზოგადად, საზოგადოებისთვის. ყოფილი და აწ უკვე მსჯავრდებული პრეზიდენტის დაპატიმრება კანონის წინაშე თანასწორობასა და სამართლიანობას ეფუძნება. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და შესაბამისად, ყოფილი პრეზიდენტის დაკავებაც კანონის უზენაესობის პრინციპებიდან გამომდინარეობს. ეს მას კარგად გააზრებულიც ჰქონდა და მიუხედავად ამისა, ჩამოვიდა და თანაც უკანონოდ. კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სასჯელის აღსრულების დროს და ციხეში მყოფი ექსპრეზიდენტი არ არის და ვერ იქნება რიგითი პატიმარი, იგი განსაკუთრებული პატიმარია, რამეთუ ყველა, საზოგადოება, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა, აკვირდება მის მდგომარეობას და მოითხოვს უმაღლესი სტანდარტების შესრულებას. ჩვენი ქვეყნის სახე იმაში გამოიხატება, თუ როგორ მოვეპყრობით მას და როგორ იქნება მისი ღირსება, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება დაცული. ამდენად მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რეგულარულად ვიღებდი და ვიღებ ინფორმაციას ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი უწყებებისგან, სახალხო დამცველისგან, სახელმწიფო ინსპექტორისა და ჯანდაცვის სამინისტროსგან“.


