Accentnews.ge
ზურაბიშვილის თქმით, სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა რთულად განსახორციელებელია

ზურაბიშვილის თქმით, სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა რთულად განსახორციელებელია

17/11/2021 14:43:19 პოლიტიკა

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის განსაკუთრებული სტატუსის გამო და „მრავალი შესაძლო საფრთხიდან გამომდინარე“, მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა „რთულად განსახორციელებელია“.

"თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ ექსპრეზიდენტი რიგითი პატიმარი არ არის და ვერ იქნება, მაშინ იმაზეც უნდა შევთანხმდეთ, რომ ის შესაძლებლობა, რაც ეძლევა რიგით პატიმრებს, რომ გადაიყვანონ სამოქალაქო სივრცეში, ამ განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, უფრო რთულად განსახორციელებელია, მრავალი შესაძლო საფრთხიდან გამომდინარე, რომელთა დაზღვევაც ურთულესია.

ამასთან, ექსპრეზიდენტი უნდა სარგებლობდეს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, რათა არ გაჩნდეს არანაირი კითხვა თუ ეჭვი, რომ რამე დააკლეს მის მკურნალობას შიმშილობისას თუ მისი შეწყვეტის შემდეგ". - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ საზოგადოებას სრული უფლება აქვს, "ჭორების, ურთიერთგამომრიცხავი ცნობების და სპეკულაციების გამორიცხვის მიზნით, მიიღოს "ყოველდღიური, ამომწურავი, სანდო და დეტალური ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის, კვების, ანალიზების შესახებ".

სალომე ზურაბიშვილმა ილაპარაკა ექსპრეზიდენტის გლდანის მე-18 ციხის სავაადმყოფოში გადაყვანის კადრების გავრცელებაზე და მას "კატეგორიულად მიუღებელი" უწოდა, ვინაიდან ეს ლახავს ექსპრეზიდენტის პატივს და ღირსებას.

"დაცული უნდა იყოს ყოფილი პრეზიდენტის ღირსება მისივე ქცევის მიუხედავად, რამეთუ ყოფილი პრეზიდენტი მაინც დაკავშირებულია სახელმწიფოსთან და ამ სტატუსს უნდა ეცეს პატივი, ამდენად იმ კადრების გავრცელება, რომლებიც ღირსებისა და პატივის შემლახველია, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტისთვის, კატეგორიულად მიუღებელია.

საზოგადოებას კარგად ახსოვს თუ როგორ ექცეოდნენ პატიმრებს ყოფილი პრეზიდენტის სასამართლოსა და პენიტენციურ სისტემაში, ამიტომ დღევანდელი ხელისუფლება არ შეიძლება, რამეში დაემსგავსოს წინამორბედს. ამიტომ გულგრილობა, დაცინვა, ქილიკი, შეურაცხყოფა მიუღებელია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ, დარწმუნებული ვარ, მთელი საზოგადოებისთვის". - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S