Accentnews.ge
სააკაშვილის მხარდასაჭერად შიმშილობა ფოთისა და წალენჯიხის საკრებულოს წევრებმაც დაიწყეს

სააკაშვილის მხარდასაჭერად შიმშილობა ფოთისა და წალენჯიხის საკრებულოს წევრებმაც დაიწყეს

18/11/2021 06:01:16 პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა წალენჯიხისა და ფოთის საკრებულოს დეპუტატებმაც დაიწყეს.

ფოთის საკრებულოს 3 მოშიმშილე წევრს დღეს კიდევ ორი ადამიანი შეუერთდება. რაც შეეხება წალენჯიხას, იქ პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას 4-მა დეპუტატმა მიმართა. არსებული ინფორმაციით, მათ რიგებს "ნაციონალური მოძრაობიდან" კიდევ 2 პირი შეუერთდება.

ოპოზიციონერები შიმშილობას აგრძელებენ ზუგდიდშიც, სადაც 5-მა პირმა პროტესტის ამ ფორმას საკრებულოს შენობაში სამი დღის წინ მიმართა. შიმშილობას აგრძელებენ ასევე რუსთავის საკრებულოში.

მოშიმშილეებს ერთადერთი მოთხოვნა აქვთ - გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

ცნობისთვის: ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ყოფილი პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. სააკაშვილის თქმით, 8 ნოემბერს იგი რუსთავის საპატიმრო დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით მიიყვანეს, ხოლო ადგილზე მისულს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 11 ნოემბერს სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ. იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოს აქვს ყველა შესაძლებლობა, რათა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა. სააკაშვილის ადვოკატები და ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში შესაბამისი პირობები არ არსებობს და მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით თბილისში ენმ–ის მიერ ორგანიზებული პერმანენტული საპროტესტო აქციები გრძელდება.

17 ნოემბერს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა. "პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს", – ნათქვამია დასკვნაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S