რატომ მიიჩნევს კობახიძე ომბუდსმენის მიერ შექმნილი სამედიცინო ჯგუფის ექსპერტების უმრავლესობას "პოლიტიკურად მიკერძოებულად"
18/11/2021 08:46:14 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ჯგუფის ექსპერტების უმრავლესობა "პოლიტიკურად მიკერძოებულია".
"თქვენ იცით ჩვენი დამოკიდებულება ლომჯარიას და მის მიერ შექმნილი კონსილიუმის მიმართ, რომლის წევრთა უმრავლესობა არიან პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებული, რასაც ისინი თვეების განმავლობაში არ მალავდნენ, მათ შორის – საკუთარი საჯარო განცხადებებით. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ნდობის ხარისხი არის ძალიან დაბალი. ამ ე.წ. კონსილიუმს უნდა მოემზადებინა დასკვნა არა შიმშილობის მკურნალობასთან დაკავშირებით, არამედ შიმშილობის შემდგომ მკურნალობაზე. ეს რომ არ გააკეთა, კიდევ ერთი მარტივი დასტურია მისი პოლიტიკური მიკერძოებისა", - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის: ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ყოფილი პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. სააკაშვილის თქმით, 8 ნოემბერს იგი რუსთავის საპატიმრო დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით მიიყვანეს, ხოლო ადგილზე მისულს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 11 ნოემბერს სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ. იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოს აქვს ყველა შესაძლებლობა, რათა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა. სააკაშვილის ადვოკატები და ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში შესაბამისი პირობები არ არსებობს და მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით თბილისში ენმ–ის მიერ ორგანიზებული პერმანენტული საპროტესტო აქციები გრძელდება.
17 ნოემბერს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა. "პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს", – ნათქვამია დასკვნაში.


