"მიშას გადაყვანის გადადება აღარ შეიძლება არც ერთი დღით!"
18/11/2021 09:46:14 პოლიტიკა
ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამედიცინო კლინიკაში გადაყვანის გადადება არ შეიძლება.
„დიდი მადლობა ყველას! მიშას გადაყვანის გადადება აღარ შეიძლება არც ერთი დღით! #გადაიყვანე“, - წერს სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელში და სააკაშვილის ჯანმრთელობის მინიტორინგის თაობაზე ომბუდსმენის მიერ შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას აქვეყნებს.
ცნობისთვის: ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ყოფილი პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. სააკაშვილის თქმით, 8 ნოემბერს იგი რუსთავის საპატიმრო დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით მიიყვანეს, ხოლო ადგილზე მისულს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 11 ნოემბერს სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ. იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოს აქვს ყველა შესაძლებლობა, რათა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა. სააკაშვილის ადვოკატები და ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში შესაბამისი პირობები არ არსებობს და მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით თბილისში ენმ–ის მიერ ორგანიზებული პერმანენტული საპროტესტო აქციები გრძელდება.
17 ნოემბერს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა. "პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს", – ნათქვამია დასკვნაში.


