Accentnews.ge
სიმონიშვილი – კობახიძეზე: "ომბუდსმენს ემუქრება და მის საქმიანობაში აშკარად ჩარევას ცდილობს"

სიმონიშვილი – კობახიძეზე: "ომბუდსმენს ემუქრება და მის საქმიანობაში აშკარად ჩარევას ცდილობს"

18/11/2021 10:03:28 პოლიტიკა

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელი ნიკა სიმონიშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას ეხმიანება და წერს, რომ კობახიძე ომბუდსმენის საქმიანობაში აშკარად ჩარევას ცდილობს.

"იმასაც მოვესწარით, რომ მმართველი გუნდის ლიდერი სახალხო დამცველს ემუქრება და მის საქმიანობაში აშკარად ჩარევას ცდილობს. იქ, სადაც პოლიტიკურ დავალებებს ასრულებენ (სასამართლოში, პროკურატურაში), მარტივადაა საქმე და მართლა დამოუკიდებელ ინსტიტუციასთან მუქარა გახდა საჭირო", - წერს ნიკა სიმონიშვილი სოციალურ ქსელში.

კობახიძემ სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას მოსალოდნელ შესაძლო პასუხისმგებლობაზე დღეს ისაუბრა:

"როდესაც იდება ასეთი "ფეიკი" დასკვნა, ექიმების მიერ და სახალხო დამცველის მიერ, საბოლოო ჯამში, ამ ეტაპზე ეს არის ერთი მორიგი "ფეიკი", მაგრამ წარმოიდგინეთ თუ ამ "ფეიკს" მოჰყვა გაგრძელება და გაგრძელება არის გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში და ამას მოჰყვა ის სცენარი, რომლისაც ჩვენ გვეშინია, ამ შემთხვევაში ეს მორიგი "ფეიკი" ხდება ისეთი რამ, რასაც შეიძლება, პირდაპირი პასუხისმგებლობა მოჰყვეს, მათ შორის ომბუდსმენის და მათ შორის ექიმების".

ცნობისთვის: ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ყოფილი პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. სააკაშვილის თქმით, 8 ნოემბერს იგი რუსთავის საპატიმრო დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით მიიყვანეს, ხოლო ადგილზე მისულს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 11 ნოემბერს სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ. იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოს აქვს ყველა შესაძლებლობა, რათა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა. სააკაშვილის ადვოკატები და ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში შესაბამისი პირობები არ არსებობს და მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით თბილისში ენმ–ის მიერ ორგანიზებული პერმანენტული საპროტესტო აქციები გრძელდება.

17 ნოემბერს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა. "პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს", – ნათქვამია დასკვნაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S