"მე, როგორც ყოფილი იუსტიციის მინისტრი, პაციენტის მართვაში ექიმების აზრს სახელმძღვანელოდ ვიღებდი"
18/11/2021 10:30:39 პოლიტიკა
კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ იუსტიციის მინისტრად მუშაობის პერიოდში იგი ყოველთვის უწევდა ანგარიშს პატიმარი პაციენტის მართვაში ექიმების აზრს. მისი თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ იგივეს გააკეთებს პენიტენციური სამსახური.
წულუკიანის განცხადებით, ჯანმრთელობა სამედიცინო საკითხია და არა პოლიტიკური, ამიტომ "რაც უფრო მალე შეწყვეტენ პოლიტიკოსები სამედიცინო თემებზე საუბარს, მით მეტად იქნება პატიმრის ინტერესები დაცული".
"ოპოზიცია იქნება ეს, თუ ჩემნაირი პოლიტიკოსები, რაც უფრო მალე შევწყვეტთ საუბარს სამედიცინო თემებზე, მით უფრო კარგად იქნება დაცული ამა თუ იმ პატიმრის ინტერესი, ვინაიდან ჯანმრთელობა არის სამედიცინო საკითხი და არა პოლიტიკური. შესაბამისად, ყველა ის ექიმი, რომელიც არის ამა თუ იმ პატიმრის და ამ შემთხვევაში ამ კონკრეტული პატიმრის [მიხეილ სააკაშვილის] მართვაში, შეიძლება თანხმდებოდეს, შეიძლება ვერ თანხმდებოდეს. ამისთვისაც არის სწორედ კონსილიუმი ან კონსილიუმები, თუკი შემდეგ კონსილიუმად ჩამოყალიბებულ ჯგუფებს შორის აღმოჩნდება განსხვავებები. მთავარია, ექიმები, მედიკოსები ჩამოყალბიდნენ ერთ რომელიმე აზრთან დაკავშირებით. მე, როგორც ყოფილი იუსტიციის მინისტრი, ყოველთვის ვუწევდი ანგარიშსს პატიმარი პაციენტის მართვაში ექიმების აზრს და უფრო მეტიც, სახელმძღვანელოდ ვიღებდი მათ აზრს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც პენიტენციური სამსახურისთვის დარწმუნებული ვარ, ასე იქნება", - განაცხადა წულუკიანმა.
ცნობისთვის: ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ყოფილი პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. სააკაშვილის თქმით, 8 ნოემბერს იგი რუსთავის საპატიმრო დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით მიიყვანეს, ხოლო ადგილზე მისულს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 11 ნოემბერს სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ. იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოს აქვს ყველა შესაძლებლობა, რათა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა. სააკაშვილის ადვოკატები და ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში შესაბამისი პირობები არ არსებობს და მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით თბილისში ენმ–ის მიერ ორგანიზებული პერმანენტული საპროტესტო აქციები გრძელდება.
17 ნოემბერს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა. "პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს", – ნათქვამია დასკვნაში.


