სააკაშვილი აშშ–ის მოუწოდებს, დაეხმაროს: "თუ არ დამიცავს, ეს იქნება საშინელი სიგნალი ყველა პროდასავლური ლიდერისთვის და მოსახლეობისთვის რეგიონში"
18/11/2021 19:49:42 პოლიტიკა
ციხეში მყოფი და მოშიმშილე ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ს დახმარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან Bloomberg–სთვის მიცემულ წერილობით ინტერვიუში განაცხადა.
"თუ აშშ არ დამიცავს, ეს იქნება საშინელი სიგნალი ყველა პროდასავლური ლიდერისთვის და მოსახლეობისთვის რეგიონში", – აცხადებს სააკაშვილი.
მისი თქმით, ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა, რადგან „რუსული თამაშების" და მთავრობის განცხადებების კომბინაციამ დაარწმუნა, რომ საქართველო უარს იტყოდა ევროკავშირსა და ნატო–ში გაწევრიანების მიზანზე".
იგი Bloomberg–სთვის მიცემულ წერილობით ინტერვიუში გლდანის ციხის მე–18 დაწესებულებაში მისი გადაყვაის შესახებაც საუბრობს. სააკაშვილის თქმით, "მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ათრიეს ასფალტზე, რათა მისთვის სხვა პატიმრებს დაეცინათ".
როგორც ექს–პრეზიდენტი აღნიშნავს, ხელისუფლება დღემდე არ აძლევს უფლებას, გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში, განახორციელოს სატელეფონო ზარები და დაესწროს საკუთარ სასამართლო პროცესს.
Bloomberg–ს ჟურნალისტის კითხვაზე, "ფიქრობს თუ არა, რომ მისმა მხარდამჭერებმა 2003 წლის გამეორება უნდა სცადონ", სააკაშვილმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ "ხელისუფლებას საშინლად ეშინია მისი საჯარო სივრცეში გამოჩენის, რადგან ეს ხალხს მოქმედებისკენ უბიძგებს".


