Accentnews.ge
სერგეენკო– სააკაშვილზე: "ამ საათებში ჩატარებული კონსულტაციების შემდეგ გადაწყდება, გადაიყვანენ თუ არა"

სერგეენკო– სააკაშვილზე: "ამ საათებში ჩატარებული კონსულტაციების შემდეგ გადაწყდება, გადაიყვანენ თუ არა"

18/11/2021 22:31:51 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" წევრმა დეპუტატმა დავით სერგეენკომ გლდანის ციხის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ დამატებითი კონსულტაციების შემდეგ გადაწყვეტენ, გადაიყვანენ თუ ადგილზე ჩაუტარებენ სამედიცინო სერვისებს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.

„დღეს საღამოს ჩემს კოლეგებთან ერთად ვიყავი გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მკურნალობას გადის პაციენტი მიხეილ სააკაშვილი. მინდა, თავიდანვე ვთქვა, რომ ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა იყო გარკვეული პრობლემები, რომლის სტაბილიზაციაც მალევე მოხერხდა. რაც შეეხება გეგმებს, რაც ყველაზე უფრო საყურადღებოა, დღესვე დაიგეგმა და უკვე სრულდება რამდენიმე აუცილებელი კონსულტაცია. როდესაც ექიმი სპეციალისტები ჩამოწერენ უახლოესი საათების ხვალინდელ სამუშაო გეგმას, რა კვლევები და ზოგადად რა სერვისებია საჭირო აი ამ ახალი გამოვლენილი პრობლემის ზუსტი დიაგნოსტიკისათვის და მინდა დაგარწმუნოთ, რომ პაციენტი მიიღებს ყველა იმ სერვისს, რაც კი იქნება აუცილებელი მისთვის. კონკრეტულად რა იქნება ეს სერვისები, ადგილზე განხორციელდება, თუ გახდება საჭირო მისი გადაყვანა, ეს გადაწყდება ამ საათების განმავლობაში ჩატარებული კონსულტაციების შემდეგ”, - განაცხადა სერგეენკომ.

როგორც მან აღნიშნა, დაიგეგმა სულ ხუთი კონსულტაცია, რომელთაგან ერთი უკვე დასრულდა.

მისი თქმით, გადაწყვეტილების საფუძველი იქნება სამედიცინო ჩვენებები:

„აქამდემდე მიძღვნილი კონსილიუმები ძირითადად მიძღვნილი იყო სამედიცინო დაწესებულების აუდიტისადმი, რამდენად შეეძლო ამ სამედიცინო დაწესებულებას პოტენციურად ასეთი პაციენტის მართვა. დღევანდელი კონსულტაციებიდანაც, რომლიდანაც ერთ-ერთი, ნევროლოგიური დასრულდა, მიღვნილი არის კონკრეტულად იმ მდგომარეობისათვის, რაც ამ საღამოს საათების განმავლობაში განვითარდა, ამისთვის, რა კვლევები და კონსულტაციები არის საჭირო. ეს არის კონკრეტული სამოქმედო გეგმა უახლოესი საათების განმავლობაში. თუკი ეს კვლევები, რასაც კონსულტანტები დანიშნავენ, შესაძლებელი იქნება ადგილზე ჩატარდეს, ჩატარდება ადგილზე, თუკი საჭიროება გახდება გადაყვანა, პაციენტი გადავა. ერთადერთი გადაწყვეტილების საფუძველი არის სამედიცინო ჩვენებები“.

სერგეენკომ "ქართული ოცნების" წევრ სხვა დეპუტატებთან –მიხეილ სარჯველაძესთან და დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად მიხეილ სააკაშვილი ცოტა ხნის წინ მოინახულა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა N18 სამკურნალო დაწესებულებაში გონება დაკარგა. ექიმ - რეანიმატოლოგ გულიკო ქილიფთარის ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა სინკოპეს ეპიზოდს და მცირე რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დასტაბილურდა. მიხეილ სააკაშვილი ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, რადგან ექიმის ინფორმაციით, სჭირდება მონიტორინგი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S