"მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაითვალისწინოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები"
18/11/2021 23:11:15 პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გაითვალისწინოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები.
ამასთან, უწყება მოუწოდებს მთავრობას, უზრუნველყოს სააკაშვილის დასწრება მის სასამართლო სხდომებზე.
"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მკურნალობას მისი დაკავების დღიდან. მივესალმებით საქართველოს სახალხო დამცველის მიერ დამოუკიდებელი სამედიცინო ჯგუფის ჩამოყალიბებას, რათა შეფასდეს სააკაშვილის ჯანმრთელობა. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უმკურნალოს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, ასევე გაითვალისწინონ სახალხო დამცველის რეკომენდაციები შესაბამისი მკურნალობის შესახებ. ამასთან, ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, რომ უზრუნველყოს სააკაშვილის დასწრება მის სასამართლო სხდომებზე. საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, სააკაშვილს უფლება აქვს სამართლიანი სასამართლოსი, რომელიც მოიცავს სხდომებზე პირადად დასწრების შესაძლებლობას", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა N18 სამკურნალო დაწესებულებაში გონება დაკარგა. ექიმ - რეანიმატოლოგ გულიკო ქილიფთარის ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა სინკოპეს ეპიზოდს და მცირე რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დასტაბილურდა. მიხეილ სააკაშვილი ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, რადგან ექიმის ინფორმაციით, სჭირდება მონიტორინგი.


