
ჩიხრაძე – „კონტი–ჯგუფის“ გადაწყვეტილებაზე: „განგაშის ზარია შემოსაკვრელი!“
15/08/2019 12:10:47 პოლიტიკა, თვალსაზრისი, საშინაო პოლიტიკა, კომენტარი
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის მრჩევლისთვის პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძისთვის ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან აქციათა 42%–ის მფლობელი ამერიკული „კონტი–ჯგუფის“ გასვლა შოკისმომგვრელი ინფორმაციაა და ფიქრობს, რომ განგაშის ზარია შემოსაკვრელი. ამის შესახებ მან „აქცენტთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი შეფასებით, მოცემული ცნობით უკვე დადასტურდა ის გარემოება, რომ პროექტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები სწორედ რომ მის შესაჩერებლად იყო გადადგმული:
„ინფორმაცია, რომელიც თავდაპირველად თქვენი მეშვეობით შევიტყვეთ, იმ შოკისმომგვრელ ინფორმაციათა რიგში იყო, რომელთაც ამ დღეებში ყოველდღიურად ვიგებთ. მართლაც ძალიან მძიმე ცნობა იყო, რადგან ყველას სერიოზული ფოთი აქვს ანაკლიის პროექტთან, მის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან, უკვე გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, იგივე მამუკა ხაზარაძის [ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებელი] მხრიდან და ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების ქმედებებსაც. დღეს ამ ინფორმაციის გაგება იყო პირდაპირი დასტური, რომ ყველაფერი, რაც აქამდე კეთდებოდა საქართველოს ხელისუფლების მიერ, სამწუხაროდ, სწორედ ამ სტრატეგიული პროექტის განხორციელების საწინააღმდეგოდაა მიმართული. ეს უკვე აღარ არის ვინმეს მოსაზრება, ან უბრალოდ განცდა: როდესაც ჩვენ არ გვაქვს აქტიური საგარეო პოლიტიკა, ეს ის პროექტი გახლავთ, რომელიც მეტ–ნაკლებ სიმყარეს აჩენს საგარეო პოლიტიკური კუთხით სახელმწიფოს არჩევანის შეუქცევადობის; საქართველოს ეკონომიკური და უსაფრთხოების პოლიტიკის გამყარების თვალსაზრისით და ამ პროექტს ყველანაირად ეშლება ხელი... როდესაც ასეთი მსხვილი ინვესტორი, ხაზგასასმელია, რომ ამერიკული მხარის წარმომადგენელი ტოვებს პროექტს, ვფიქრობ, განგაშის ზარია შემოსაკვრელი“.
ჩიხრაძის ხედვით, შექმნილ ვითარებაში პროექტის მომავალი ბუნდოვანია:
„როდესაც ასე იქცევა მსხვილი ინვესტორი, ჩვენ არავითარი გარანტია არ გვაქვს, რომ სხვა ინვესტორებიც არ გადადგამენ იგივე ნაბიჯს, ან ვინც აწი უნდა ჩართულიყო პროექტში, ის იქნება დაინტერესებული. ამდენად, რბილად რომ ვთქვათ, ბუნდოვანი ხდება პროექტის მომავალი“.
ჩიხრაძის აზრით, მიმდინარე პროცესები ქვეყნის იმიჯს როგორც ინვესტორების, ისე მეგობარი ქვეყნების თვალში მნიშვნელოვნად აზარალებს:
„ვინმეს თუ სურს თავის მოტყუება, რომ ცუდი არაფერი ხდება, მოიტყუოს, მაგრამ ჩვენ ამ პროცესს გაფაციცებით ვადევნებთ თვალ–ყურს, მოსმენილი გვაქვს აშშ–ის მაღალჩინოსნის განცხადებები პროექტთან დაკავშირებით, არაერთხელ მოგვისმენია იგივე აშშ–ის საელჩოს წარმომადგენელთა განცხადებები, როდესაც ხაზარაძე–ჯაფარიძის წინააღმდეგ ხდებოდა საქმის გააქტიურება და ცხადად ვიცით, რომ ამ პროექტზე დამოკიდებულია ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოება და მისი ეკონომიკური კეთილდღეობა. როდესაც მსგავსი პროექტი იშლება, ამ ფაქტმა რა სახის ნდობა უნდა გაუჩინოს რომელიმე ინვესტორს, ან მეგობარ სახელმწიფოს საქართველოს ხელისუფლების მიმართ?! როდესაც ხელისუფლება საკუთარი ქვეყნის ინტერესებისთვისაც კი არ ირჯება ისე, როგორც უნდა ირჯებოდეს, ვის უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ინვესტორის ინტერესები იქნება ამ ქვეყანაში დაცული?! ძალიან ცუდი ფაქტია, ძალიან ცუდი პროცესია, ამ თვალსაზრისით ძალიან ცუდი აგვისტო გვაქვს: მანამდე შენიღბული ბევრი რამ ძალიან გაცხადდა, თითქოს ნიღაბი ჩამოიხსნეს და ახლა უკვე თავიანთი ნამდვილი სახით მოქმედებენ. ეს ნამდვილი სახე კი ძალიან შემაშფოთებელია, რადგან ხშირ შემთხვევაში ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული“,– ამბობს „აქცენტთან“ საუბრისას ჩიხრაძე.
ცნობისთვის: ანაკლიის კონსორციუმი ამერიკულმა "კონტი–ჯგუფმა" (Conti International LLC) დატოვა. ცნობა თავად კონსორციუმშიც დაადასტურეს. "აქცენტის" ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზეზი ანაკლიის პორტის პროექტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები გახდა. კერძოდ, ის გარემოება, რომ მთავრობასა და პროექტის ინვესტორ ბანკებს შორის ამ დრომდე არაა მიღწეული შეთანხმება, მიუხედავად ხელისუფლების წარმომადგენელთა რიტორიკისა, რომ ისინი მხარს უჭერენ პროექტს და კონსორციუმს.
"რიტორიკა მხოლოდ რიტორიკად რჩება: ჯგუფმა საქართველოს ხელისუფლებისგან პროექტის მიმართ მხარდაჭერა ვერ იგრძნო და გადაწყვეტილებაც მიიღო",– აცნობა "აქცენტს" ინფორმირებულმა წყარომ.
ცნობისთვის: ანაკლიის პორტის ინვესტორი ბანკების მიერ საქართველოს მთავრობისთვის წარდგენილი 8 მთავარი მოთხოვნიდან 7 შეთანხმდა, თუმცა შესათანხმებელი დარჩა მხოლოდ ერთი და როგორც ანაკლიის განვითარების კონსორციუმში განმარტავენ, პრინციპული საკითხი ტვირთბრუნვის რისკის სახელმწიფოს მიერ დაზღვევის შესახებ: პორტის ინვესტორი ბანკები ითხოვენ, “სახელმწიფომ დააზღვიოს ის სხვაობა, რაც დააკლდება კონსორციუმს, რომ ბანკებს გადაუხადოს სესხი გრაფიკის მიხედვით. მთავრობამ ეს თანხა უნდა ასესხოს კონსორციუმს, ხოლო კონსორციუმმა უნდა გადაუხადოს ბანკებს. ბანკების მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ, კონსორციუმმა უნდა გაისტუმროს ეს სესხი, შემდეგ სუბორდინირებული სესხი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ კონსორციუმის ინვესტორები მოგებას პორტიდან”, თუმცა ამ პუნქტს საქართველოს მთავრობა არ სთანხმდება.
გარდა ამისა, პრობლემურ საკითხს დაერთო კონსორციუმის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ირგვლივ განვითარებული მოვლენებიც. ცნობილია, რომ მათ 11 წლის წინანდელ ეპიზოდთან დაკავშირებით ფულის გათეთრებას ედავებიან და ამ დროისთვის გირაოს პირობებში იმყოფებიან. თავად ბრალის წარდგენის ფაქტს კრიტიკული შეფასებები მოჰყვა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან, განსაკუთრებით კი აშშ–ისა და საფრანგეთის საელჩოებიდან. მათ განაცხადეს, რომ ბრალის წარდგენის დრო და გარემოებები შეშფოთებას იწვევს, საფრანგეთის ელჩმა კი აღნიშნა, რომ მიმდინარე მოვლენები საქართველოს მიმზიდველ ქვეყნად არ წარმოაჩენს. თავად ხაზარაძემ და ჯაფარიძემ მათ წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად შეაფასეს. კერძოდ, მათი განმარტებით, თავად ამ სადავო ეპიზოდთან დაკავშირებით ინფორმაციის გაჟღერებამ გაართულა ინვესტორებთან მოლაპარაკებები, ხოლო ბრალის წარდგენის შემდეგ ინვესტორებთან დალაგებული ურთიერთობები ისევ საწყის წერტილზე დაბრუნების საფრთხის წინაშე დგება.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021