"ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად სააკაშვილს ეკისრება"
19/11/2021 09:40:43 პოლიტიკა
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ დეპუტატ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა სრულად ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეკისრება.
“ელენე ხოშტარიას მდგომარეობაზე მთლიანად პასუხისმგებელია მიხეილ სააკაშვილი, ეს უპასუხისმგებლო კაცი. მას რომ ჰქონდეს ელემენტარული კაცობა, მხოლოდ ამის გამო შეწყვეტდა შიმშილობას, თუმცა კაცობის არაფერი სცხია მიხეილ სააკაშვილს. მან ეს დაამტკიცა 9 წლის განმავლობაში, როცა იყო მმართველობაში და შემდეგი 9 წლის განმავლობაში, როდესაც ოპოზიციის ლიდერი იყო”, განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, “ქართული ოცნება” ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე დაცული იყოს:
"ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყოს დაცული, ესაა სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, მათ შორის ისეთი უმძიმესი დამნაშავის მიმართ, როგორიც მიხეილ სააკაშვილია. [...] დღეს კოლექტიური მეგის ქარდავა შიმშილობს, გვაშანტაჟებს და გვემუქრება. არც ეს შანტაჟი და არც ეს მუქარა მათ არ გაუვათ. მიიღებენ ძალიან მძიმე პასუხს. მკაცრი პასუხი მდგომარეობს იმაში, რომ ყველაფერს ექნება სათანადო პოლიტიკური შეფასება".
როგორც მან აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, ყოფილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე კი “ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული, მათ შორის, ელენე ხოშტარიას საკითხი”.
კობახიძე აცხადებს, რომ სააკაშვილი შიმშილობის არშეწყვეტით “კიდევ ერთხელ ავლენს, რომ სტრასბურგის სასამართლო მისთვის არაფერია”.


