ხერხეულიძე: "სააკაშვილმა მოითხოვა, ადვოკატთან და უკრაინის კონსულთან შეთანხმებით გადაიყვანონ"
19/11/2021 12:38:32 პოლიტიკა
ენმ–ის წევრი ეკა ხერხეულიძე ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნებზე საუბრობს. როგორც ხერხეულიძე აცხადებს, სააკაშვილის მოთხოვნაა, მისი ტრანსპორტირების პროცესს დაესწორ ადვოკატი ნიკა გვარამია და უკრაინის კონსული.
"სააკაშვილის მოთხოვნა არის შემდეგი, თუ შესაცვლელი გახდება ლოკაცია, მისი გადაყვანის პროცესს უნდა ესწრებოდნენ ადვოკატი ნიკა გვარამია და უკრაინის კონსული. [...] თუ მოხდება ისე, რომ ჩვენგან წარმომადგენელი არავინ იქნება იქ, მოხდება ისევ მისი ნების წინააღმდეგ ძალის გამოყენება და ამ საშუალებით გადასვლა ერთი დაწესებულებიდან მეორეში", – განაცხადა ხერხეულიძემ.
იგი დაახლოებით, ერთი საათია, გლდანის ციხის საავადმყოფოსთან იმყოფება და სააკაშვილთან შესვლის ნებართვას ელოდება.
ცნობისთვის: ცოტა ხნის წინ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზეს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა. ექს–პრეზიდენტი, რომელიც 1 ოქტომბრის შემდეგ შიმშილობს, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. გუშინ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. კერძოდ, მან გონება დაკარგა. იგი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
სააკაშვილი აცხადებდა, რომ შიმშილობას შეწყვეტდა სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში.


