ევროპარლამენტარები სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან
19/11/2021 14:43:54 პოლიტიკა
ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს განცხადებით, საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, სამოქალაქო საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილსადმი ღირსეული მოპყრობა.
როგორც ევროპარლამენტარი აღნიშნავს, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მიაღწიოს შეთანხმებას, რომ სააკაშვილმა შეწყვიტოს შიმშილობა.
"[საქართველოს] მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ ყოფილ პრეზიდენტს სამოქალაქო საავადმყოფოში ღირსეულად მოეპყრობიან. მისი მდგომარეობა უნდა შეფასდეს საერთაშორისო, დამოუკიდებელი ექიმთა კონსილიუმის მიერ. ქართული ოცნება უნდა ეცადოს მიაღწიოს შეთანხმებას, რომ [მიხეილ სააკაშვილის] შიმშილობა აღარ გაგრძელდეს." - წერს რასა იუკნევიჩიანე "ტვიტერზე".
მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.
ის მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყონებლივ გადაიყვანოს სააკაშვილი შესაბამის სამედიცინო პუნქტში, ხოლო ოპოზიციამ შეინარჩუნოს სიმშვიდე:
"შვებისმომგვრელია იმის გაგება, რომ ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა. მე ძალიან მაწუხებდა ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა. ახლა, მიხეილ სააკაშვილის ჯერია, რომ ხოშტარიას მაგალითს მიჰყვეს. საქართველოს მთავრობამ სასწრაფოდ უნდა გადაიყვანოს სააკაშვილი შესაფერის ჯანმრთელობის პუნქტში და ოპოზიცია უნდა დარჩეს მშვიდობიანი".
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნიევ რაუ კი წერს, რომ ის ძალიან აღელვებულია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით და იმედოვნებს, რომ მესამე პრეზიდენტს ექნება შესაძლებლობა, საუკეთესო სამედიცინო მომსახურეობა მიიღოს:
"მე ძალიან აღელვებული ვარ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით. ვიმედოვნებ, რომ მას ექნება შესაძლებლობა მიიღოს საუკეთესო სამედიცინო მომსახურეობა და როცა მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება, მას ექნება შესაძლებლობა შეხვდეს დიპლომატებს და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს".
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. მის მდგომარეობას ექიმები "კრიტიკულად" აფასებენ. 18 ნოემბრის საღამოს მან გონება დაკარგა. ამ შემთხვევის შემდეგ, სააკაშვილი გლდანის საპატიმრო დაწესებულების კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. 19 ნოემბერს მას გორის სამხედრო კლინიკაში გადაყვანა სესთავაზეს. სააკაშვილის საბოლოო გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.


