რუსთავის საკრებულოს დეპუტატებმა შიმშილობა შეწყვიტეს
19/11/2021 14:51:20 პოლიტიკა
რუსთავის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შიმშილობა შეწყვიტეს.
მოქმედი და ახალი საკრებულოს ექვსმა წევრმა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა 15 ნოემბერს დაიწყეს, ცოტა ხნის წინ კი პროტესტის უკიდურესი ფორმის შეწყვეტის თაობაზე განაცხადეს.
„ჩვენმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო, როგორც ცნობილი გახდა მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადაჰყავთ. გამომდინარე აქედან, ჩვენ მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, რომ შეგვეწყვიტა შიმშილობა, მაგრამ ვაგრძელებთ ბრძოლას საბოლოო გამარჯვებამდე", - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ვაჟა მორგოშიამ.
დღეს შიმშილობა შეწყვიტა ელენე ხოშტარიამაც.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. მის მდგომარეობას ექიმები "კრიტიკულად" აფასებენ. 18 ნოემბრის საღამოს მან გონება დაკარგა. ამ შემთხვევის შემდეგ, სააკაშვილი გლდანის საპატიმრო დაწესებულების კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.


