ზურაბიშვილი სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის გეგმას მიესალმება
19/11/2021 15:00:10 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყოფილი პრეზიდენტის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის გეგმას მიესალმება.
როგორც ზურაბიშვილი განმარტავს, "ეს არის ადგილი, რომელიც აკმაყოფილებას ყველა სტანდარტს, როგორც სამედიცინო, ასევე უსაფრთხოების მიმართულებით".
"ეს გადაწყვეტილება სრულად პასუხობს სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნას, რომელსაც წინასწარ დაეთანხმა თვით, ყოფილი პრეზიდენტი და განაცხადა, რომ შეწყვეტდა შიმშილობას მულტიპროფილურ კლინკიკაში გადაყვანის შემთხვევაში. მივესალმები ასევე, ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილებას შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანი და სწორია ოპოზიციის მზაობა, არ გამართოს საპროტესტო აქციები კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე და ასევე, ზოგი პარტიის გადაწყვეტილება პარლამენტის ბოიკოტის შეწყვეტის შესახებ. დღევენდელი გადაწყვეტილებები წინ გადადგმული ნაბიჯებია, რაც საზოგადოების დაწყნარებასა და ქვეყნის სტაბილურობას უზრუნველყოფს",– განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. მის მდგომარეობას ექიმები "კრიტიკულად" აფასებენ. 18 ნოემბრის საღამოს მან გონება დაკარგა. ამ შემთხვევის შემდეგ, სააკაშვილი გლდანის საპატიმრო დაწესებულების კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. 19 ნოემბერს მას გორის სამხედრო კლინიკაში გადაყვანა სესთავაზეს. სააკაშვილის საბოლოო გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.


