ნიკა მელია: "ბრძოლა მწვავე ფორმებით გაგრძელდება"
19/11/2021 17:31:39 პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის” ლიდერ ნიკა მელიას განცხადები, ბრძოლა არაძალადობრივი, მაგრამ ძალიან მწვავე ფორმებითა და მეთოდებით გაგრძელდება. თუმცა მას დღეს გეგმა არ წარუდგენია და აღნიშნა, რომ დაინტერესებული საზოგადოება მას ახლო პერიოდში გააცნობს.
„რომ არა არაძალადობრივი პროტესტი, ის არაერთი მართლაც სახიფათო დღე, სადაც ხაფანგი და მახე ჰქონდა დაგებული და ამ პროვოკაციას არ წამოვეგეთ ხელისუფლების ორგანიზებულს, დღევანდელი დღე არ დადგებოდა და არ მიეცემოდა მიხეილ სააკაშვილს შესაძლებლობა, შიმშილობა შეეწყვიტა. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა. ბედნიერები ვართ, ადამიანურად, ვიცით, რა რომ არ ემუქრება სიკვდილი მიხეილ სააკაშვილს, ელენე ხოშტარიას და ჩვენს მეგობრებს, რომლებიც შიმშილობდნენ. ეს მხოლოდ ადამიანური სიხარულია, რაც შეეხება პოლიტიკურ, მოქალაქეობრივ სიხარულს, ჯერჯერობით ვერ განვიცდით, სანამ ვიცით, რომ ქვეყანას ყავს უზურპატორი რეჟიმი, რომელმაც მიიტანა სახელმწიფო, არჩევნები და ცდილობს, ამ რეალობას შეაგუოს მავანი, მაგრამ არ ეგუება აბსოლუტური უმრავლესობა. ბრძოლა, რა თქმა უნდა, არაძალადობრივი, მაგრამ ძალიან მწვავე ფორმებითა და მეთოდებით გაგრძელდება. ამასთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში გაგაცნობთ მომდევნო სამოქმედო გეგმას”, - განაცხადა ნიკა მელიამ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის არც ერთი მხარდამჭერი გორის ჰოსპიტალთან არ გამართავს საპროტესტო აქცია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსთაველის გამზირი იქნება ცარიელი:
„მთავარი თავგადასავალი გველოდება წინ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი ამ უკანონო პატიმრობიდან არ იქნება დახსნილი ჩვენ ბრძოლას არ შევაჩერებთ, ვიდრე სახელმწიფო „ქართულ ოცნებას“ მიტაცებული ექნება ბრძოლას არ შევაჩერებთ, აი, ასე მეთოდურად ჩამოვანგრევთ ამ რეჟიმს. ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი დარწმუნებულია, რომ ჩვენი მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით, მხოლოდ და მხოლოდ ამ ქვეყნის მომავალს ვემსახურებით და არა სხვა რამეს, დესტაბილიზაცია არ შედის ჩვენს ინტერესებში. ჩვენ მარტო არ ვართ ხალხო, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები არიან ჩვენს გვერდით.
კიდევ რაღაც სისულელე რომ არ მოროშონ უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით, ჯერ ვერ განვახორციელებთ მის ტრანსპორტირებას იმიტომ, რომ რუსთაველზე ხალხი დგასო. მოდი, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ვაცადოთ ახლა. გორის ჰოსპიტალში არანაირ საპროტესტო აქციას არასოდეს არ გავმართავთ და ვინმე თუ გამართავს, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პროვოკაცია, არცერთი მისი მხარდამჭერი გორის ჰოსპიტალთან არ გამართავს საპროტესტო აქცია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსთაველის გამზირი იქნება ცარიელი“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
შეგახსენებ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს შიმშილობის შეწყვეტის სანაცვლოდ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზეს. ამ დროისთვის ცნობილია, რომ სააკაშვილი შეთავაზებას დასთანხმდა.


