20-11-2021 00:57:12 კონფლიქტები
17 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის საგარეო საქმეთა “მინისტრად” დაინიშნა ინალ არძინბა – სახელოვანი აფხაზური ოჯახის 31 წლის შთამომავალი, რომელმაც სამშობლო 17 წლის ასაკში დატოვა, ორიოდ წლის წინ კი შინ უკვე “აფხაზური პოლიტიკის ვუნდერკინდის” სახელით დაბრუნდა.
“მინისტრის” თანამდებობიდან დაურ კოვეს გათავისუფლების შესახებ “პრეზიდენტ” ასლან ბჟანიას ბრძანებაში, რომელიც არძინბას დანიშნვას უძღოდა წინ, მიზეზად “სხვა სამსახურში გადაყვანაა” მითითებული. თუმცა ყველასთვის ნათელია, რომ 5-ზე მეტი წლის განმავლობაში – ჯერ კიდევ წინა “ხელისუფლების” დროიდან მომუშავე კოვეს გადაყენებას გაცილებით უფრო რეალისტური მიზეზები ექნებოდა.
ვითარებაში ჩაუხედავთათვის, რომლებმაც სულ ცოტა ხნის წინ დაურ კოვე ნიკარაგუაში ვიზიტისას გადაღებულ ფოტოებზე იხილეს, ხოლო 17 ნოებერს, გადაყენებამდე სულ რამდენიმე საათით ადრე – იმის ამსახველ ვიდეოკადრებში, როგორ ხვდებოდა “პრეზიდენტი” ბჟანია მასთან ერთად სოხუმში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეს, “მინისტრის” გადაყენება ალბათ, სრული მოულოდნელობა იყო. თუმცა რეალურად, დაურ კოვეს სავარძელს ფეხები დიდი ხნის წინ ჰქონდა მორყეული.
“თითქმის ხუთი წელია, ეწევა მძიმე დიპლომატიურ უღელს დაურ ვადიმოვიჩი. და ვერ ვიტყვით, რომ ბაშკირეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული, რომელსაც წელს მხოლოდ 42 წელი შეუსრულდა, მეტისმეტად გადაიღალა. მაგრამ გამოჩნდნენ უფრო ახალგაზრდა კონკურენტები - 31 წლის ინალ არძინბა. როგორც ჩანს, სწორედ მას ამზადებენ “ბებერი” კოვეს შემცვლელად, ან შესაძლოა, პრემიერ-მინისტრადაც” – წერდნენ ერთ-ერთ აფხაზურ ტელეგრამ-არხში ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ.
მეტიც: ინსაიდერული ინფორმაციის თანახმად, ორიოდ თვის წინ, უცხოეთში “მინისტრის” ერთ-ერთი მორიგი ვიზიტისას სოხუმში მიიღეს გადაწყვეტილება, აფხაზეთში კოვეს დაბრუნებისთანავე მისი გადაყენება გამოეცხადებინათ. მაშინ საბაბად იქცა მის მიერ “რუსეთ-აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის” რუს წევრებთან შეხვედრაზე დაფიქსირებული “მეტისმეტად კრიტიკული” პოზიცია, რომელიც მაღალმთიან სოფელ აიბღას რუსეთისთვის გადაცემას უკავშირდებოდა. ამბობენ, “პრეზიდენტმა” ბჟანიამ მაშინ კოვეს გადაყენების შესახებ ბრძანებასაც კი მოაწერა ხელი, თუმცა შემდგომში დოკუმენტი უცნობი მიზეზით თავადვე დახია უცხოეთიდან დაბრუნებული “მინისტრის” თვალწინ.
კოვემ სავარძელი კიდევ ორიოდე თვით შეინარჩუნა. მაგრამ რუს “სტრატეგიულ პარტნიორს” ლოდინი არ უყვარს, განსაკუთრებით – როცა კავკასიელი “უმცროსი ძმის” შთანთქმის მიზანთან ისე ახლოსაა, როგორც არასდროს და ახლა წინაღობები, თუნდაც უმნიშვნელო, მოსკოვს არაფერში სჭირდება.
აფხაზეთის მთავარ დიპლომატად ინალ არძინბას დანიშნვა საზოგადოებამ არაერთგვაროვნად მიიღო. როგორც ჩანს, ამ გარემოების გათვალისწინებით, 18 ნოემბერს კოლექტივისთვის ახალი “მინისტრის” წარდგენისას ასლან ბჟანიამ იმედი გამოთქვა, რომ ახალ ხელმძღვანელს საგარეო უწყების თანამშრომლებთან “კონსტრუქციული და ნდობაზე დამყარებული ურთიერთობები” ჩამოუყალიბდება. ინალ არძინბამ კი, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ “საგარეო პოლიტიკური ვითარების სირთულის მიუხედავად, გამართული კოლექტიური მუშაობის შემთხვევაში კარგი შედეგების მიღწევაა შესაძლებელი”. თუმცა ვშიშობ, “კარგი შედეგების” მისეული ხედვა სულაც არ ემთხვევა “სამინისტროს” იმ არაერთი თანამშრომლისას, რომელსაც უახლოეს ხანებში ალბათ, სამსახურთან გამომშვიდობება მოუწევს. და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, არ ემთხვევა აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობის ხედვას, რომელსაც, ცხინვალის რეგიონის მკვიდრთაგან განსხვავებით, რუსეთთან ინკორპორაცია სულაც არ სურს.
საკმარისია, გადავხედოთ ინალ არძინბას ბიოგრაფიასა და აფხაზი ავტორების თუნდაც ერთ-ორ ინტერნეტ-პუბლიკაციას მათში გადმოცემული ძალზე საინტერესო ფაქტებით, რომლებიც გასაგები მიზეზების გამო ოფიციალურ ბიოგრაფიაში არ მოხვდა – და ნათელი ხდება, რომ აფხაზეთში “პოლიტიკის ვუნდერკინდი” არა სამშობლოზე, არამედ კვლავაც საკუთარ თავზე იმუშავებს და, რაღა თქმა უნდა, თავის მოსკოველ კურატორზე – “რუსული სამყაროს” პუტინისეული იდეის ერთ-ერთ მთავარ ლობისტ ვლადისლავ სურკოვზე, რომელიც აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არასოდეს განიხილავდა.
თავად განსაჯეთ. ინალ არძინბა სოხუმში დაიბადა, თუმცა 17 წლიდან რუსეთის დასაპყრობად გაემგზავრა და როგორც პოლიტიკოსი, სწორედ იქ აღიზარდა. 2007 წელს გავლენიანმა სანათესავომ იგი პრესტიჟულ სასწავლებელში – ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში მოაწყო, სადაც ინალ ბათუს ძე 2012 წლამდე სწავლობდა. თუმცა ახალგაზრდა აფხაზს, როგორც ჩანს, სასწავლო სარბიელზე თავი დიდად არ გადაუღლია: ღია წყაროებში აღნიშნულია, რომ ინალ არძინბა “დისერტაციაზე მუშაობდა”, თუმცა მის დაცვაზე არსად არაფერია ნახსენები.
უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ ინალი სამუშაოდ «როსგოსსტრახში» მიიწვიეს. მაგრამ ამბიციურ “ვუნდერკინდს” ბევრად მეტი სურდა – და 2014 წელს მდიდარმა გავლენიანმა სანათესავომ მას რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში “გაუჩარხა” ადგილი, კერძოდ – “დსთ-ის ქვეყნებთან, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტის” უფროსის პოზიცია. თანაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 24 წლის გამოუცდელი ახალგაზრდა პირადად პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვმა მიიწვია, რომელიც იმხანად უკრაინის მიმართულებით იწყებდა მუშაობას. რა დამსახურებისთვის ერგო ინალს ეს მაღალი პატივი – ისტორია არ გვიმხელს. მაგრამ ამბიციური ახალგაზრდა მუშაობას დიდი მონდომებით შეუდგა და ამ პოზიციის მისაღებად აფხაზეთის “მოქალაქეობასაც” ადვილად შეელია. უკრაინის მიმართულება “მსუყე ლუკმა” აღმოჩნდა – და ახალგაზრდამ პირველი შესაძლებლობის გამოჩენისთანავე დაიწყო “ბიუჯეტის ათვისება” – თან იმ მასშტაბით, რომ შემდგომში იმ ასობით მლნ რუბლის მითვისებაში დასდეს ბრალი, რომელიც რუსეთს მის მიერვე ანექსირებული დონბასისთვის ჰქონდა გამოყოფილი. აი, პროფესიულ საქმიანობაში კი ინალ არძინბას ამ სარბიელზე თავი დიდი არაფრით გამოუჩენია. მეტიც: გაწეული საქმიანოაბის შედეგად უკრაინაში იგი პროვოკაციებში, სეპარატიზმში, ოდესის 2014 წლის მაისის მოვლენებში დაადანაშაულეს. ყველა “სიკეთესთან” ერთად, ახალგაზრდა აფხაზი პოლიტიკოსი კონფლიქტში შევიდა მის უშუალო ხელმძღვანელ ოლეგ გოვორუნთან და რეგლამენტის დარღვევით დემონსტრაციულად დაიწყო მოხსენებებზე სიარული ვლადისლავ სურკოვთან. ერთ-ორ შეცდომას ალბათ, კიდევ აპატიებდნენ, მაგრამ ყველაფერი ჩამოთვლილი ერთად მეტისმეტი აღმოჩნდა – და ინალ არძინბას რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კარისაკენ მიუთითეს.
თუმცა მდიდარი და გავლენიანი სანათესავო კვლავ დაეხმარა - და იმავე წელს რუსეთის პატრიარქთან მოქმედი “ახალგაზრდობის საქმეთა კონფესიათაშორისი საზოგადოებრივი საბჭოს” თავმჯდომარის ადგილი “გამოუძებნა”. ახალ თანამდებობაზე ინალის ერთადერთი ცნობილი ინიციატივა “მომავლის უნივერსიტეტის” ჩამოყალიბების არშემდგარი იდეაა. თუმცა დიდხანს ინალი არც რუსეთის საპატრიარქოში დაყოვნებულა: ამბობენ, იმ მორალურ-ეთიკურმა თვისებებმა შეუშალეს ხელი, რომლებიც იქაური სამღვდელოებიდანაც კი ყველასთვის არ აღმოჩნდა მისაღები – და არძინბას კვლავ კარისკენ მიუთითეს, თანაც ამჯერად უკვე – სამშობლოში “გამოციმბირებით”.
თუმცა რუსეთს “პოლიტიკის ვუნდერკინდი” აფხაზეთში ხელცარიელი არ გამოუგდია: იგი შინ “რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო მრჩევლის” სტატუსში დაბრუნდა და თან მნიშვნელოვანი მისიით, რომლის წარმატებული განხორციელების შემთხვევაში მიეცემა შანსი, კრემლელი კურატორების თვალში გარკვეულ დონემდე მაინც აღიდგინოს ავტორიტეტი.
სწორედ ამ მისიის პირველ ნაწილს ახორციელებდა აფხაზეთში დაბრუნებული “ვუნდერკინდი” ბოლო წლებში – ამჟამინდელ “გამინისტრებამდე”. მისი პროპაგანდისტული ახალგაზრდული პროექტები ჟღერადი სახელწოდებებით «აფხაზეთის მომავალი», «აფხაზეთის სიამაყე», «კეთილი ნების ელჩები» მოწოდებული იყო, იდეოლოგიურად შეემზადებინა აფხაზური საზოგადოება საიმისოდ, რასაც აფხაზეთს რუსეთი უმზადებს. “სტრატეგიული პარტნიორი”, რომელსაც წლობით მიზანმიმართულად შეჰყავდა აფხაზეთი ჩიხში, ახლა საკუთარი გეგმის ბოლო ფაზის – ფაქტობრივი ანექსიის განხორციელებაზე გადავიდა “კანონმდებლობების ჰარმონიზაციის გზით ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბების პროგრამის” მეშვეობით, დასახული მიზნის მაქსიმალურად ეფექტურად განხორციელებისთვის კი საზოგადოებრივი აზრის შემზადებაა საჭირო. და აი, მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული ახალგაზრდული პროექტების ფარგლებში გამართული შეხვედრების ლაიტმოტივად “აფხაზური ახალგაზრდობის მიერ ხარისხიანი განათლების მიღება” სახელდებოდა, რეალურად, ახალგაზრდობასთან უმთავრესად პოლიტიკური საკითხები განიხილებოდა, რომლებსაც ინალ არძინბა ახალი თაობის წარმომადგენლებს წმინდა პრორუსულ რაკურსში აწვდიდა: აქაოდა, ვერავითარ დამოუკიდებელ მოქმედებასა და ინიციატივას აფხაზეთი რუსეთის გარეშე ვერ განახორციელებს და საერთოდაც, რესპუბლიკისთვის ოპტიმალური გამოსავალია, რუსეთის ფედერაციის ნაწილი გახდესო.
ინალ არძინბას სახელს უკავშირებენ აფხაზეთში შექმნილი ორი ტელეგრამ-არხის – «Мандарин»-ისა და «Сухумский фонтан»-ის საქმიანობასაც, რომლებიც საკმაოდ სწრაფად დისკრედიტირდნენ მოსახლეობის თვალში ადგილობრივი პოლიტიკოსების შესახებ ხშირად ყალბი და თითქმის ყოველთვის ბინძური “კომპრომატების” გამოქვეყნებით. როგორც ჩანს, ამგვარი მეთოდებით ცდილობდა სათავისოდ კონკურენტებისგან აფხაზური პოლიტიკური ველის გაწმენდას “ვუნდერკინდი”, რომელიც აფხაზი პოლიტიკოსის რანგში ადგილობრივთათვის ჯერაც ნაკლებადაა ცნობილი, სამაგიეროდ სამშობლოში გადაადგილებისას ყოველთვის საიმედოდაა დაცული რუსეთის “დაცვის ფედერალური სამსახურის” თანამშრომლების მიერ.
რომ შევაჯამოთ, საგარეო საქმეთა ახალი “მინისტრის” სახით აფხაზეთმა მიიღო არა “პოლიტიკის ვუნდერკინდი”, თანაც არც ერთ შემთხვევაში არა აფხაზური პოლიტიკის, არამედ სურკოვ-კრემლისტური ინტრიგების საუკეთესო ტრადიციებში აღზრდილი კარიერისტი, რომელიც პირადი მიზნების მისაღწევად ძალიან ბევრზეა წამსვლელი. მაღალი ალბათობით, სწორედ ის მიიყვანს საბოლოო “გამარჯვებამდე” “სტრატეგიული მეგობრის” მიერ აფხაზეთის უკვე დაწყებულ ანექსიას. და აქ ინალ არძინბას მონდომებაში ეჭვის შეტანაც კი არ ღირს: კრემლის მიერ მასზე დაკისრებული მისიის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში ხომ “დამოუკიდებელი აფხაზეთი” ისტორიის ნაწილად იქცევა და “ვუნდერკინდებს” ვეღარაფრით მიიზიდავს, აი რუსეთში კი ახალგაზრდა, თანაც პატრიოტიზმის, სამშობლოს წინაშე ვალისა და სინდისის სიწმინდის “ზედმეტი” გრძნობებით არდამძიმებული კარიერისტებისთვის კიდევ ბევრი მწვერვალი რჩება დასაპყრობი.
ეკატერინე ცანავა