Accentnews.ge
"მოქალაქეებს სოციალური დახმარების ნაცვლად, სამუშაო ადგილები უნდა შევთავაზოთ"

"მოქალაქეებს სოციალური დახმარების ნაცვლად, სამუშაო ადგილები უნდა შევთავაზოთ"

22/11/2021 07:32:02 პოლიტიკა

პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ სოციალურად დაუცველ შრომისუნარიან მოქალაქეებს დახმარების ნაცვლად, სამუშაო ადგილები უნდა შესთავაზონ. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„არსებული სოციალური პოლიტიკა გვაჩვენებს, რომ მიმდინარე დინამიკა, ტენდენციები ზოგადად არის შემაშფოთებელი. პირდაპირ ვთქვათ, რომ ჩვენ რეალურად არსებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში ზრდასრული, შრომისუნარიანი მოსახლეობა, ჩვენი მოქალაქეები შევაჩვიეთ, შევაგუეთ უმუშევრობას, სიღარიბეს და უმოქმედობას. რეალურად, დღეს შრომისუნარიანი, სოციალურად დაუცველი მოქალაქე არ არის მოტივირებული, რომ დაიწყოს ახალი სამუშაო ადგილი იმის შიშით, რომ შემდეგ მას სახელმწიფომ სოციალური დახმარება არ მოუხსნას, არ არის მოტივირებული, რომ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები გაიუმჯობესოს და ეს რა თქმა უნდა, კატასტროფაა", – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, მთავრობა ახალ სოციალურ პოლიტიკას რამდენ კვირაში წარადგენს:

"მე უკვე მქონდა საუბარი მთავრობის წევრებთან, ეკონომიკურ გუნდთან, მაქვს იდეა და ინიციატივა, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უხელმძღვანელებს ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი და ჩვენ უახლოეს რამდენიმე კვირაში წარმოგიდგენთ ახალ სოციალურ ხედვას, პოლიტიკას, თუ როგორ უნდა შევცვალოთ არსებული, მე ვიტყოდი მანკიერი სისტემა ახალი, გაჯანსაღებული სისტემით, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი პროგრამა, ეს იქნება საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების პროგრამა და ჩვენ ნაცვლად სოციალური დახმარებისა, ჩვენს მოქალაქეებს, შრომისუნარიან მოქალაქეებს უნდა შევთავაზოთ სამუშაო ადგილები. კიდევ მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ მოქალაქეები შევაგუეთ, შევაჩვიეთ სიღარიბეს და უმოქმედობას, მართლაც გაუსაძლის მდგომარეობას. დღეის მდგომარეობით დაახლოებით 600 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქე გვყავს. აქედან მინიმუმ 200 000, მეტი თუ არა, დაახლოებით ნახევარი არის შრომისუნარიანი მოქალაქე, რომლებიც რა თქმა უნდა, არსებული სოციალური პოლიტიკის გამო არ არიან მოტივირებული სამუშაო ადგილების მოსაძებნად, დასაწყებად. [...] მოსახლეობას, ჩვენს შრომისუნარიან მოქალაქეებს გავუჩენთ განცდას, პერსპექტივას, მოტივაციას, რომ რეალური საქმით დასაქმდნენ. ჩვენი მოქალაქეები შრომას უნდა მივაჩვიოთ. რა თქმა უნდა, ყველას სურს სამუშაო ადგილების შოვნა, მაგრამ თუ სახელმწიფო პირობებს არ უქმნის, ეს რა თქმა უნდა, დამაბრკოლებელი ბარიერია. ამ პროგრამის ფარგლებში ჩვენ შევიმუშავებთ, ჩავრთავთ პროფესიულ სასწავლებლებს, უამრავ სპეციალობაში მოხდება მათი გადამზადება, შეიძლება ერთობლივად შევიმუშაოთ რამდენიმე კვირიანი პროგრამები, ჩვენ ამაზე საუბარი გვქონდა და რეალურად შევცვლით ამ სტატიკურ, გაყინულ მდგომარეობას“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S