რას პასუხობს გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში BILD–ის კრიტიკულ სტატიას
23/11/2021 08:31:39 პოლიტიკა
საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში გერმანულ გამოცემა BILD-ის მიერ დიპლომატისა და მისი მეუღლის შესახებ გამოქვეყნებულ კრიტიკულ სტატიას ეხმიანება და აცხადებს, რომ "ყველას თავისუფლად შეუძლია, შეიქმნას საკუთარი აზრი მის საქმიანობაზე ან გამოთქვას ეს აზრი".
საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს ელჩის კომენტარს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ერთ-ერთმა გერმანულმა ონლაინ მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა სტატია ჩემს საქმიანობაზე საქართველოში და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ჩვენს ურთიერთობაზე, ასევე იმ საქმიანობაზე, რომელსაც ჩემი მეუღლე ეწევა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ყველას თავისუფლად შეუძლია, შეიქმნას საკუთარი აზრი ჩემს საქმიანობაზე ან გამოთქვას ეს აზრი. სტატია არანაირად არ იმოქმედებს ჩვენს კარგ თანამშრომლობაზე საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას შეკრების თავისუფლებისთვის, საქართველოში პლურალისტური პოლიტიკური ცხოვრებისათვის და პოლიტიკურ ძალებს შორის დაძაბულობის განმუხტვისთვის. რაც შეეხება ჩემს მეუღლეს ევა მარიას, მე ნამდვილად ვამაყობ მისი ინტენსიური და პროფესიონალური საქმიანობით, რომელიც მოიცავს ქართველი სტუდენტების განათლებას კომპიუტერულ მეცნიერებაში, ისევე, როგორც ვამაყობ მისი სამოქალაქო და საზოგადოებრივი აქტიურობით".
ცნობისთვის: გერმანულმა გამოცემა BILD-მა საქართველოში გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშისა და მისი მეუღლის ევა მარია ქნირშის შესახებ კრიტიკული სტატია გამოაქეყნა. გამოცემის ჟურნალისტი წერს, რომ დიპლომატი "პროსამთავრობო პოზიციების მქონე დიპლომატად" მიიჩნევა, "მისი მეუღლე კი “ქართული ოცნების” ყოფილ თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ უნივერსიტეტში მუშაობს".
სტატიაში აღნიშნულია, რომ "2020 წელს საქართველოს მთავრობამ გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრად დაასახელა პოლიტიკოსი, რომელიც მიჩნეულია ჰომოფობად, არასამთავრობო ორგანიზაციამ გააპროტესტა ეს ფაქტი, თუმცა ელჩმა ქნირშმა - არა".


