"ჩვენ გვიწევს თანაცხოვრება რუსულ ჯართან ერთად, ეს ხშირად ავიწყდებათ ჩვენს მეგობრებს და ყოველთვის ვახსენებ"
23/11/2021 19:20:03 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ყურადღებით აკვირდება რუსეთის პოზიციების გაძლიერებას რეგიონში.
როგორც მან აღნიშნა, „ოფიციალურად, უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მხოლოდ ერთხელ გაიმართა, თუმცა, მისი თქმით, "შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით მოსმენები უსაფრთხოების ვიწრო კაბინეტის ფორმატში მუდმივ რეჟიმში იმართება".
"საქართველო, რა თქმა უნდა, ჩვენი დასავლელი პარტნიორის, აშშ-ის, ევროკავშირის, ნატო-ს ერთგული პარტნიორია და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი გამოკვეთილი პარტნიორი ქვეყანაა რეგიონთან წვდომის თვალსაზრისით. საქართველო ერთ-ერთი მართლაც გამორჩეული დასაყრდენი პარტნიორია იმ ქვეყნებისთვის და ორგანიზაციებისთვის, რომელიც მე ჩამოვთვალე. რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით იგივე რუსეთის პოზიციების გაძლიერებას ჩვენს რეგიონში, მათ შორის ყარაბაღის ომის შემდეგ ძალთა ბალანსის ცვლილებას და ზოგადად, პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერებას ჩვენს რეგიონში. შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით მუდმივ რეჟიმში გვაქვს მოსმენები უსაფრთხოების ვიწრო კაბინეტის ფორმატში და ვიცით, რომ ამ რეგიონში დღეს რუსეთს გაძლიერებული პოზიციები აქვს. შეიძლება ითქვას, რომ გადახურული აქვს ეს რეგიონი. ეს კარგად გვაქვს გაცნობიერებული, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ჩვენ, მე ამას ყოველთვის ვახსენებ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ შესაძლოა, ზოგიერთს რუსეთთან ურთიერთობა უქმნიდეს დისკომფორტს, გვიწევს თანაცხოვრება რუსულ ჯართან ერთად. ეს ხშირად ავიწყდებათ ჩვენს მეგობრებს. ამიტომ, მე ყოველთვის ვახსენებ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ რუსულ ჯართან ერთად, ვინაიდან ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული, რუსეთი ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილის, ჩვენი სუვერენული ტერიტორიების – აფხაზეთის და ოსეთის ოკუპაციას აგრძელებს და რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ბარიერია. მეორეს მხრივ, რაც შეეხება უსაფრთხოების საბჭოს მუშაობას და ფუნქციონირებას, დაგეთანხმებით, რომ ალბათ უფრო მეტად საჯარო შეიძლება გავხადოთ, მეტი ინფორმაცია შეიძლება გავრცელდეს უსაფრთხოების საბჭოს მუშაობასთან დაკავშირებით, მაგრამ გეტყვით, რომ ყველა ის სტრატეგიული დოკუმენტი, რომელზეც გარკვეული კითხვები ისმოდა, პრაქტიკულად დასრულებულია და მე ველოდები, ალბათ უნდა ვაღიაროთ, რომ არჩევნების დატვირთულმა დღის წესრიგმა გადაფარა ეს საკითხი და წლის ბოლოს ჩვენ ალბათ უკვე დავამტკიცებთ ყველა დოკუმენტს, რომელიც შემუშავებულია", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა "პირველი არხის" ეთერში.


