რას პასუხობს ღარიბაშვილი კითხვას, "რამდენად შესაძლებელია დეოკუპაცია რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებში პოლიტიკური პროგრესის გარეშე?"
23/11/2021 19:58:45 პოლიტიკა
"დეოკუპაცია რომ თავისით არ მოხდება, ალბათ, ყველას კარგად გვესმის", – ასე პასუხობს საქართველოს პრემიერ–მინისტრი "პირველი არხის" ჟურნალისტის კითხვას, "რამდენად შესაძლებელია დეოკუპაცია რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებში პოლიტიკური პროგრესის გარეშე?".
დამატებით კითხვაზე, "როგორ შეიძლება მოხდეს ეს პროგრესი ამ პოლიტიკურ ასპარეზზე ჩვენსა და რუსეთს შორის?", პრემიერმა შემდეგი განაცხადა:
"ეს ძალიან რთული საკითხია , რა თქმა უნდა ამაზე ყველას გაუჭირდება პასუხის გაცემა , მაგრამ ეს უნდა მოხდეს რუსეთის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, რომ დასრულდეს დღევანდელი მდგომარეობა, არალეგალური, უკანონო მდგომარეობა, ეს არის მთავარი. ჩვენ კარგად გვესმის, რომ დეოკუპაცია თავისით ვერ მოხდება, ამას სჭირდება მრავალმხრივი, კომპლექსური მუშაობა, ეფექტური, ქმედითი ნაბიჯების გადადგმაც და ჩვენი პარტნიორების ჩართულობა".
რაც შეეხება ორ ქვეყანას შორის პირდაპირი კონტაქტს პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, ღარიბაშვილის განცხადებით, ასეთი შეხვედრის ორგანიზებას სჭირდება კარგი მომზადება და "ქართულმა მხარემ, საქართველომ და ჩვენმა ხალხმა უნდა იცოდეს, თუ რა შედეგი შეიძლება, წამოვიღოთ თეორიულად და პრაქტიკულად":
"მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ერთი ფორმატი, ეს არის ჟენევის ფორმატი. პირდაპირი კონტაქტი პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით არ გვაქვს და ერთადერთი კონტაქტი რაც გვაქვს, არის აბაშიძე-კარასინის ფორმატი, რომელიც მხოლოდ სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებს ეხება. ვფიქრობ, ასეთი პირდაპირი კონტაქტის ორგანიზებას, მცდელობას სჭირდება კარგი დაფიქრება, კარგი მომზადება და ეს უნდა იყოს რეალურად შედეგზე ორიენტირებული და არა მხოლოდ შეხვედრა შეხვედრისთვის. ჩემი პასუხი სწორედ ეს იქნებოდა – ასეთი კონტაქტის, თუ შეხვედრის ორგანიზებას სჭირდება კარგი მომზადება. ქართულმა მხარემ, საქართველომ და ჩვენმა ხალხმა უნდა იცოდეს, თუ რა შედეგი შეიძლება, წამოვიღოთ თეორიულად და პრაქტიკულად. მთლიანობაში, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ყველა ნორმალური სახელმწიფო საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და უნდა მოქმედებდეს. ჩვენ, ბუნებრივია, ჩვენი ინტერესები გვაქვს და ყველა სხვა სახელმწიფოს, მათ შორის მეზობელ ქვეყნებსაც თავიანთი ინტერესები აქვთ. ასე, რომ ვფიქრობ, ასეთ შეხვედრებს სჭირდება კარგი მომზადება“.


