ენმ ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლაში ასლან აბაშიძის დროინდელ ძალოვანებსა და რიჟვაძის მამას ადანაშაულებს
24/11/2021 08:19:13 პოლიტიკა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ბათუმის საკრებულოს დეპუტატ ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლაში აჭარის ყოფილი მმართველის ასლან აბაშიძის დროინდელ ძალოვანებსა და რეგიონის ამჟამინდელი ლიდერის თორნიკე რიჟვაძის მამას ადანაშაულებს.
როგორც ენმ–ის წევრმა გიორგი კირთაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ბათუმის საკრებულოში უმრავლესობის მოსაპოვებლად "ქართულ ოცნებას" ენმ-ის ფრაქციიდან ერთი ადამიანის გადაყვანა სჭირდებოდა.
"ჩვენი ფრაქციის სხვადასხვა წევრებზე მიმდინარეობდა ზეწოლა, თუმცა ერთ-ერთი პირველი ვისზეც დაიწყო ზეწოლა და მოსყიდვის მცდელობა ეს გახლდათ ბატონი ნუგზარ ფუტკარაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა და კიდევ ერთხელ მინდა სამძიმარი გამოვუცხადო ოჯახს, ნათესავებს, მეგობრებს და მთელ ქვეყანას", - გიორგი კირთაძემ.
კირთაძის განცხადებით, ფუტკარაძესთან მოლაპარაკებას თორნიკე რიჟვაძის მამის დათო რიჟვაძის დავალებით სათავეში ჩაუდგა ასლან აბაშიძის დროინდელი ორი ყოფილი ძალოვანი - ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე. მისი ინფორმაციით, ორივე მათგანს აჭარის რევოლუციის შემდეგ მოუწია აჭარიდან წასვლა და ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაბრუნდნენ ქალაქში.
"მათ არაერთი შეხვედრა გამართეს ნუგზარ ფუტკარაძესთან, ჩვენ ამის შესახებ საქმის კურსში ვიყავით, ბატონი ნუგზარი პირადად მე მაყენებდა საქმის კურსში ამ შეხვედრების შესახებ და მაშინ, როცა ეს უკვე გაუსაძლის ხასიათს იძენდა ბატონმა ნუგზარმა თვითონვე გააკეთა ჩანაწერები [აუდიო], დარწმუნებული ვარ, მეორე მხარეც ამ ჩანაწერებს აკეთებდა და ეს ჩანაწერები მომაწოდა პირადად მე", - განაცხადა კირთაძემ.
ენმ მამა-შვილი რიჟვაძეების გადადგომასა და დღეს გასაჯაროებულ აუდიოჩანაწერებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. ასევე, ისინი ითხოვენ ხელვაჩაურის ახლადარჩეული მერის გადადგომასაც, რომლის ბიძაც ენმ–ის წევრების თქმით, ჩანაწერების მიხედვით, ფუტკარაძის მიმართ ზეწოლაში ფიგურირებს.
ისინი მოითხოვენ, საქმე პირად კონტროლზე აიყვანოს სახალხო დამცველმა და მიმართავენ დიპლომატიურ კორპუსსაც.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ფუტკარაძის საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ენმ–ის ბრიფინგამდე გააკეთა:
"კიდევ ერთხელ მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილი ოჯახის წევრებს და სწორედ ამ ადამიანის ხსოვნაც, მისი სახელის მოფრთხილებაც ითვალისწინებს, რომ მეტად ღირსეულად მოექცნენ მათივე თანამებრძოლები. რაც შეეხება წინასწარ დაანონსებულ რაღაც ჩანაწერებს, ბუნებრივია, მე ჩანაწერებზე და მათ შინაარსზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, თუმცა მერწმუნეთ, რომ მათ შორის ჩემი ოჯახის წევრი რომელიმე ჩანაწერში არ ფიგურირებს, ყველას მოვთხოვ ბოდიშის მოხდას".
შეგახსენებთ, რომ ნუგზარ ფუტკარაძე გულის შეტევით გარდაიცვალა.


