„სააკაშვილმა პირადი ამოცანა შეასრულა: გაიარა ისეთი განსაწმენდელი, გამსახურდიას შემდეგ არავის რომ არ გაუვლია"
24/11/2021 15:09:30 პოლიტიკა
პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას შეფასებით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტს მორალური და ემოციური ომი უკვე მოგებული აქვს.
მისივე თქმით, სააკაშვილმა გაიარა "უმძიმესი განსაწმენდელი".
„სააკაშვილმა პირადი ამოცანა დიდი ხანია, შეასრულა: გაიარა ისეთი განსაწმენდელი ამ ქვეყანაში, არავის რომ არ გაუვლია ამ ქვეყნის უახლეს ისტორიაში, ზვიად გამსახურდიას მერე. სააკაშვილმა რა შეცდომების დაუშვა თუ არ დაუშვა, როგორ იბრძოლა თუ არ იბრძოლა, გაიარა უმძიმესი განსაწმენდელი. სააკაშვილი ჩემს თვალში, ყოველ შემთხვევაში, გაცილებით მაღლაა, ვიდრე „ვარდების რევოლუციის" დროს იყო. ეს პირადი ამოცანა მას უკვე შესრულებული აქვს, ემოციური, მორალური ომი მას უკვე მოგებული აქვს. ის აქ ჩამოვიდა არა იმიტომ, რომ გაესუფთავებინა საკუთარი თავი, არამედ იმიტომ რომ ამ ქვეყანაში რეალობა შეიცვალოს და ქვეყანა გადარჩეს. ეს ამოცანა მისი აზრით, ჯერჯერობით მიღწეული არ არის, თუმცა მიაჩნია, რომ ძალიან შეთანხმებული, მკაფიო და თანმიმდევრული ქმედებების პირობებში, ეს ამოცანა შესრულებადია“, - განაცხადა გვარამიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ვიზიტის შემდეგ.
რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობს, მისი თქმით, ფიზიკური გამოჯანმრთელების პროცესი დაწყებულია, თუმცა ფსიქიკური ჯანმრთელობის აღდგენა კვალიფიციურ ჩარევას საჭიროებს და ამისთვის სააკაშვილი ითხოვს "ემპათიას" ალტერნატიულ კონსილიუმთან შეხვედრას, რომლის სემადგენლობაშიც ნევროლოგები, ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპევტები იქნებიან:
"მას შემდეგ, რაც მისი სისუსტე ალაგდა, ნათელი გახდა სტრესული, ნერვული მდგომარეობა. ეს მას ეტყობა ლაპარაკზეც, სიარულზეც. არანაკლებ მძიმე მდგომარეობაშია. ძალიან ცუდად ძინავს, ნერვიულობს და ა.შ.".
20 ნოემბერს სააკაშვილი დასთანხმდა იუსტიციის მინისტრის წინადადებას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლის შესახებ, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. დაკავების მომენტიდან მან შიმშილობა გამოაცხადა.


