უკრაინა, ბელარუსი, რუსეთი, შავი ზღვა – რას აპირებს ნატო?

24-11-2021 21:41:16

უკრაინა მის საზღვრებთან მნიშვნელოვნად გაზრდილი და გაძლიერებული რუსული სამხედრო კონტინგენტის რკალში აღმოჩნდა, - ამბობენ ნატო-ში. ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, რომელიც აშშ-მა ნატო-ს ევროპელ მოკავშირეებს გაუზიარეს, უკრაინაზე დარტყმა შესაძლოა, სამი მიმართულებიდან განხორციელდეს: უშუალოდ რუსეთიდან, ანექსირებული ყირიმიდან და ბელარუსიდან. ამასთან, როგორც ვაშინგტონის მიერ ევროპაში მიწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აშშ ვერ შეაფასებს, რამდენადაა კრემლი რეალურად მზად, ეს სცენარი განახორციელოს. მაღალი ალბათობით, კრემლს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, - წერს თავის წყაროებზე დაყრდნობით “Bloomberg”-ი.

თანამგზავრული ფოტოები უკრაინის საზღვართან რუსული ჯარისა და შემტევი შეიარაღების მასირებულ თავმოყრას ასევე ადასტურებს.

ანალოგიური ნაბიჯები გადადგა რუსეთმა მიმდინარე წლის მარტში. მაშინ მოსკოვში განაცხადეს, რომ “უფლება აქვთ, ჩაატარონ წვრთები საკუთარ ტერიტორიაზე”. გაზაფხულზე პირადი შემადგენლობა და ტექნიკა მუდმივი დისლოკაციის ადგილებს დაუბრუნდა, თუმცა როგორც უკრაინული დაზვერვა ირწმუნება – მხოლოდ ნაწილობრივ. სადღეისოდ კი მთავარ შეშფოთებას ის იწვევს, რომ რუსეთის სამხედრო წარმოდგენილობა ფართოვდება არა მარტო ყირიმში და ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების საზღვრების სიახლოვეს, არამედ უკრაინის ფაქტობრივად მთელს პერიმეტრზე.

პირველი შემაშფოთებელი სიგნალები მას შემდეგ გაისმა, რაც მიმდინარე წლის სექტემბერში რუსეთმა ბელარუსთან ერთობლივი მანევრები “დასავლეთი 2021” დაასრულა. თანამგზავრული ფოტოები აჩვენებს, მაგალითად, გაძლიერებულ სამხედრო წარმოდგენილობას, მათ შორის მანამდე ნოვოსიბირსკში დისლოცირებული ნაწილების ყოფნას ელანის მიდამოებში (სმოლენსკის ოლქი).

იმის შესახებ, თუ როგორ აღიქმება ეს მონაცემები ნატო-ში, “რადიო თავისუფლების” რუმინული სამსახური ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენმდივნის მოადგილეს მირჩა ჯოანეს ესაუბრა. "აქცენტი" ამ საუბრიდან ამონარიდების თარგმანს გთავაზობთ:

– ნატო შეშფოთებას გამოთქვამს უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო წარმოდგენილობის ზრდის გამო. მაგრამ არსებობს რაიმე კონკრეტული ნაბიჯები, რომლის გადადგმასაც ალიანსი გეგმავს?

– […] რუსეთის ამჟამინდელი ქმედებები ძალზე უჩვეულოა. თუ მოქმედების გამჭვირვალეობასა და ღიაობაზე ვისაუბრებთ, როცა ნატო წვრთნებს ამზადებს, ჩვენ ამას ვაკეთებთ ერთადერთი მიზნით – უზრუნველვყოთ მზაობა და დავრწმუნდეთ, რომ ნამდვილად გაგვაჩნია სხვადასხვა ქვეყნების ჯარებისა და შეიარაღების თავსებადობა, უმაღლეს დონეზე თავდაცვისა და შეკავების უნარი. გამჭვირვალეობა და ღიაობა ძალზე მნიშვნელოვანია. რუსული მხარი კი თავს იკატუნებს და აცხადებს, რომ უბრალოდ რაღაც წვრთნებს მართავს თავის ტერიტორიაზე. ეს ძალზე უჩვეულოა და ჩვენ ვცდილობთ, დავარწმუნოთ რუსული მხარე, უარი თქვას სამხედრო წარმოდგენილობის ზრდაზე, რომელიც უკრაინის პრაქტიკულად მთელს პერიმეტრზე შეინიშნება. ვთვლით ასევე, რომ უნდა მოხდეს დეესკალაცია. ნატო-ს გენერალური მდივანი გამოვიდა საჯარო მოწოდებით და მეც გამოვდივარ იგივე მოწოდებთ მოკავშირეების სახელით. ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ მცდარი ინტერპრეტაციებისა და ესკალაციის რისკი. განვმეორდები: ნატო – ეს საფრთხეების შეკავებისთვის მოქმედი ორგანიზაციაა და რიტორიკა, თითქოს ალიანსი საფრთხეს წარმოადგენს რუსეთისთვის, უბრალოდ მცდარია. მაგრამ აქვე უნდა ვთქვა ისიც, რომ ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს და სამომავლოდაც გავუწევთ მათ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას აღმოსავლეთ უკრაინის გაჭიანურებული პრობლემის გადაჭრის დიპლომატიური გზების მოსაძიებლად, ნორმანდიულ პროცესსა და საერთაშორისო თანამეგობრობის სხვა მცდელობებს. და რაღა თქმა უნდა, ვმუშაობთ ევროკავშირთან. ნატო და ევროკავშირი ერთიანი პოზიციით გამოდიან, როცა საუბარია უკრაინაზე, მოლდოვაზე, საქართველოზე. ისინი ნატო-ს ძალზე მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან, ამიტომაც ვართ შეშფოთებულები უკრაინის ირგვლივ რუსეთის სამხედრო წარმოდგენილობის უჩვეულო, ხანდახან პროვოკაციული ზრდით.

– რამდენად სერიოზულად მიგაჩნიათ სადღეისოდ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის საფრთხე? შეიძლება, რუსული ძალების ზრდა შეჭრისათვის მზადებად განვიხილოთ?

– ვერ მოვახდენ ჰიპოთეზების კომენტირებას იმის თაობაზე, თუ რა შეიძლება, წარმოადგენდეს რუსეთის ამ უჩვეულო ქმედებების მიზეზს. თუმცა არსებობს, რა თქმა უნდა, სადაზვერვო მონაცემები და ჩვენ მათ კავშირის შიგნით ერთმანეთს ვუზიარებთ. ვცდილობთ, მოვიპოვით ის, რასაც “სიტუატიური ინფორმირებულობა” ეწოდება, დარწმუნებულობა იმაში, რომ ადგილზე არსებული ვითარების სრული სურათი გაგვაჩნია. თუმცა არ დავიწყებ სპეკულირებას თემაზე, რა წარმოადგენს უკრაინის ირგვლივ რუსეთის ესოდენ უჩვეულო მოქმედების რეალურ მიზეზსა და მიზანს.

– რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შავ ზღვაში ნატო-ს წვრთნებს “რუსეთისთვის სერიოზული გამოწვევა” უწოდა. რა პასუხს გასცემთ მას?

– ჩვენი ქმედებებიცა და მესიჯებიც მარტივია. ყველაფერი, რასაც შავი ზღვის რაიონში ან ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ვაკეთებთ, მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვითი ხასიათისაა, თანაც აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალე. ამდენად, არავითარი სიურპრიზები იმაში, რომ ვახდენთ საჰაერო სივრცის პატრულირებას, რომ საზღვაო წარმოდგენილობა გვაქვს შავ ზღვაში და სხვა რეგიონებში, არ არის. რაკი საკუთრივ შავი ზღვის შესახებ მკითხეთ, ამ ყველაფერს შავ ზღვაზე იმიტომ ვაკეთებთ, რომ ამ რეგიონში ალიანსის სამი წევრი გვყავს: რუმინეთი, ბულგარეთი და თურქეთი, ასევე ორი ძალზე მნიშვნელოვანი პარტნიორი უკრაინისა და საქართველოს სახით. ასე, რომ სრულიად კანონიერია, რომ ჩვენ – ისევ და ისევ, მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვითი მიზნებით და სრულიად გამჭვირვალედ – ვაკეთებთ იმას, რაც უნდა ვაკეთოთ. ბოლოს და ბოლოს, ნატო-ს კი არ მოუხდენია ყირიმის ოკუპაცია და ალიანსი კი არ შეჭრილა აღმოსავლეთ უკრაინაში! ასე, რომ ყველაფერი, რასაც 2014 წლიდან ვახორციელებთ, წმინდად თავდაცვითი ხასიათისაა, ესაა შეკავება და თავდაცვა, რასაც უნდა ვაკეთებდთ კიდეც, მაგრამ ფრთხილად, რომ ეს არ გამოიყურებოდეს პროვოკაციად და არ იძლეოდეს საბაბს მცდარი ინტერპრეტაციებისთვის. მოსკოვის განცხადებები კი ხშირ შემთხვევაში მხოლოდ პუბლიკის გასაგონად კეთდება.

– რუსეთი ყირიმის ტერიტორიულ წყლებზე აცხადებს პრეტენზიას. როგორ აისახება ეს შავ ზღვაში ნატო-ს სტრატეგიაზე?

– ჩვენ არ ვაღიარეთ და არასოდეს ვაღიარებთ ყირიმის უკანონო და ამორალურ ანექსიას. ეს აბსოლუტურად ნორმალური პოზიციაა. თუ გახსოვთ, მრავალი ათწლეულის წინ, დიდი ხნით ადრე, ვიდრე კომუნიზმის დასრულების შემდეგ ნატო-ს გაფართოება დაიწყო, დასავლეთი არ სცნობდა საბჭოთა რუსეთის მიერ ბალტიისპირეთის ქვეყნების არალეგალურ ანექსიას. ასე, რომ ეს ჩვენთვის სტანდარტული პოლიტიკაა. სწორედ ამიტომაა ჩვენთვის ესოდენ მნიშვნელოვანი ნავიგაციისა და საზღვაო კავშირის თავისუფლება შავ, ასევე აზოვის ზღვებში. და სწორედ ამიტომ იმაში, რაც შავ ზღვაში ნატო-ს ხომალდების წარმოდგენილობას ეხება, სრულად ვიცავთ საერთაშორისო სამართალსა და ხომალდების თავისუფალი და უსაფრთხო გადაადგილების საერთაშორისო ნორმებს – და არა მარტო შავ ზღვაში.

– პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი “კურატორია” საზღვარზე იმ თავდასხმისა, რომელსაც ალექსანდრე ლუკაშენკო ახორციელებს. ნატო თუ განიხილავს ამ ქმედებებს ჰიბრიდული ომის ნაწილად, რომელშიც რუსეთიცაა ჩართული?

– ნატო 30-ვე მონაწილე ქვეყნის სახელით ჩვენი პოლონელი, ლიეტუველი და ლატვიელი მოკავშირეებისა და მეგობრების მხარდამჭერი განცხადებით გამოვიდა. ეს აშკარად აგრესიული ჰიბრიდული ტაქტიკაა, მიგრანტები პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენო ნატო-სა და ევროკავშირის ისეთი წევრი სახელმწიფოების დესტაბილიზაციისთვის, როგორიცაა პოლონეთი და სხვები. ჩვენ ყოველმხრივ ვეხმარებით პოლონეთსა და ლიეტუვას და ვიცით, რომ ეს ყველფერი ჰიბრიდული შეტევების ახალი არსენალის ნაწილია, რომელსაც ბელარუსი მეზობლების წინააღმდეგ იყენებს. ხოლო ვიცით რა ბელარუსის მჭიდრო ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, ვაცნობიერებთ იმასაც, რომ ეს მოსკოვისთვისაცაა ცნობილი და რომ მისთვის "სულერთი" არაა.

– შესაძლებელია თუ არა ნატო-ს წესდების მე-4 მუხლის ამოქმედება, როგორც უფრო მძლავრი და კონკრეტული ნაბიჯი?

– ჩვენს მოკავშირეებს ამ თხოვნით არ მოუმართავთ. ვაშინგტონის შეთანხმების თანახმად კი, მე-4 მუხლის ასამოქმედებლად მოკავშირეებმა უნდა მოგვმართონ, თუკი ექნებათ გარკვეული შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ უსაფრთხოებას რაიმე ემუქრება, ან უკვე შეიქმნა უშუალო საფრთხის ვითარება. ასევე არ უთხოვიათ ჯერ-ჯერობით ნატო-ს წესდების მე-5 [კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ – რედ.] მუხლის ამოქმედება. ამდენად, ამ დროისთვის ჩვენ შემოვიფარგლებით ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთობლივი განცხადებით იმის შესახებ, რომ მზად ვართ, დავეხმაროთ მოკავშირეებს, რომელთაც ბელარუსთან ერთობლივი საზღვარი გააჩნიათ.

– ნატო-რუსეთის ურთიერთობები ცივი ომის დროიდან ყველაზე დაბალ ნიშნულზეა და კიდევ განაგრძობს გაუარესებას ბოლო თვეებში დიპლომატების გაძევების გამო. არსებობს რაიმე გადაწყვეტილება ამ ვითარების გამოსასწორებლად და ჩიხიდან გამოსასვლელად?

– ნათელია, რომ ნატო-რუსეთის ურთიერთობები ცივი ომის დროიდან ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. და ეს სულაც არ შედიოდა ჩვენს გეგმებში. რუსეთის მიმართ ნატო-ს პოლიტიკა ემყარება დუალურ მიდგომას. მისი პირველი შემადგენელი შეკავება და თავდაცვაა, რომელიც უნდა იყოს სანდო, მყარი, სწრაფი და ფხიზელი. ნატო-ში ხომ ვერავის დაადანაშაულებ იმაში, რომ მან ყირიმის უკანონო ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპაცია განახორციელა, აწარმოებდა მრავალრიცხოვან ჰიბრიდულ და კიბერშეტევებს, აკეთებდა ყველაფერ იმას, რასაც რუსეთი სჩადის ამ რაოდენობის ქვეყნებსა და რეგიონებში.

და მიუხედავად ყველაფრისა, [რუსეთისადმი – რედ.] ჩვენი პოლიტიკის მეორე შემადგენელი – ეს დიალოგია და ჩვენ მას სათანადოდ ვაფასებთ. რა თქმა უნდა, იძულებულები ვართ, მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც პოლიტიკას არ ემყარება და ეფუძნება უკანონო აქტივობების შესახებ სარწმუნო სადაზვერვო მონაცემებს, მათ შორის – იმის თაობაზე, რომ ნატო-ში რუსული დელეგაციის ზოგიერთი წევრი დაკავებული იყო არა იმით, რითაც უნდა ყოფილიყო დაკავებული. ჩვენს რეაქციაში პოლიტიკური არაფერია, ეს უბრალოდ თავდაცვაა. ვწუხვართ, რომ რუსეთმა გადაწყვიტა, შეეჩერებინა ნატო-ს კავშირის სამხედრო მისიის მუშაობა და მოსკოვში ალიანსის საინფორმაციო ბიურო დაეხურა. ჩვენის მხრივ გავაგრძელებთ რუსულ მხარესთან როგორც პოლიტიკურ – ანუ ჩემს, ისე სამხედრო დონეზე - ჩვენი სამხედრო სარდლობის მეშვეობით დიალოგის წარმოების მცდელობებს.

და ნახეთ, ყველა ის კითხვა, რომელიც დამისვით, აჩვენებს, რამდენი პრობლემა იწვევს შეშფოთებას, რადგან ქმნის გაუგებრობის, არასწორი შეფასებების რისკს. სწორედ ამიტომ დიალოგი ახლა ისეა აუცილებელი, როგორც არასდროს. ასე, რომ გავაგრძელებთ რუსეთისთვის მოწოდებებს, დაბრუნდეს ნატო-რუსეთის საბჭოში, ურთერთობების იმ ფორმატში, რომელიც მრავალი წლის წინ განვსაზღვრეთ ჩვენსა და რუსეთს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ჯერ-ჯერობით რუსეთი დიალოგისკენ ჩვენს მოწვევებს არ იღებს, თუმცა ვიმედოვნებთ, საბოლოოდ ის დააფასებს ნატო-სთან სანდო, ღია და გულახდილი საუბრის ფასეულობას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები