
ბათუმის საკრებულოში კვლავ დაპირისპირებაა
26/11/2021 06:43:43 პოლიტიკა
ბათუმის საკრებულოში კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ოპოზიციონერების განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს უფლება „წინა მოწვევის“ საკრებულოში სხდომა ჩაატაროს.
„თქვენ არ გაქვთ მორალური უფლება, რომ საკრებულოს სხდომა ჩაატაროთ და მთავარი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცოთ, რადგან თქვენ უკვე ვადაგასულები ხართ და არ გაქვთ ამის მორალური და ლეგიტიმური უფლება“, - განაცხადეს ოპოზიციის წევრებმა.
თავის მხრივ, ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ ბათუმის საკრებულო კანონის ფარგლებში, რეგლამენტის დაცვით მოქმედებს.
ბათუმის საკრებულოს შენობასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. საკრებულოს სხდომა 11:00 საათზეა დანიშნული.
ბიუჯეტის დამტკიცებას ბათუმის საკრებულოში ოპოზიციის წარმომადგენლები გუშინაც აპროტესტებდნენ.