უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი ნინო სანდოძე: "სასამართლოში "კლანი" არც ადრე არსებობდა და არც ახლა არსებობს"

26-11-2021 12:45:12 სამართალი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ნინო სანდოძე აცხადებს, რომ სასამართლო სისტემაში ე.წ. კლანის არც დღეს არსებობს და არც წინა ხელისუფლების დროს არსებობდა.

„ასეთი [გავლენიანი] ჯგუფი არ არსებობდა არც წინა ხელისუფლების დროს, არც დღეს არ არსებობს. არ არის შემთხვევა, რომ მივუთითოთ, რომ ვინმემ, რომელიმე მოსამართლის კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებაზე განახორციელა [ზეწოლა]“, - განაცხადა ნინო სანდოძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მიმდინარე მოსმენის დროს.

მოსამართლე მიიჩნევს, რომ საქართველოში შეინიშნება "მიზანმიმართული მოქმედებები", რომლებიც მიმართულია "გრძელვადიანად სასამართლო სისტემის ლეგიტიმაციის შემცირებისკენ".

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი პარლამენტის კომიტეტში კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.

პროცესში არ მონაწილეობს საპარლამენტო ოპოზიციის უდიდესი ნაწილი, არ არის ჩართული სახალხო დამცველის აპარატი და არც დიპლომატიური კორპუსი. ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა 25 ნოემბერს განაცხადა, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი უნდა „დაპაუზდეს“, სასამართლო რეფორმის შემდგომი ნაბიჯების გადადგმამდე.

საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო სექტორი და სახალხო დამცველი, მათ შორის - სასამართლოს მიმართ სანდოობის თვალსაზრისით, დიდ პრობლემად მიიჩნევენ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის გაგრძელებას, იმ „ამბიციური სასამართლო რეფორმის“ გარეშე, რომელზეც საუბარია ასევე 19 აპრილის შეთანხმებაში.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ნინო სანდოძის კანდიდატურა პარლამენტს ბოლოს 2021 წლის 15 ნოემბერს წარუდგინა. სანდოძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად იყო წარდგენილი 2018 წელსაც, პარლამენტისთვის გადაცემული ხმაურიანი, 10-წევრიანი სიის შემადგენლობაში. ამ სიის წარდგენას მწვავე პოლიტიკური დაპირისპირება მოჰყვა „ქართული ოცნების“ უმრავლესობაში და პირველ ეტაპზე, უმრავლესობა დატოვეს დეპუტატებმა ეკა ბესელიამ და გედევან ფოფხაძემ. 10-კაციანი სიის განხილვის პროცესი ჩავარდა, რასაც რამდენიმეეტაპიანი საკანონმდებლო ცვლილებები მოჰყვა.

საერთაშორისო პარტნიორები და სამოქალაქო საზოგადოება ამ დრომდე თვლიან, რომ პროცესში აუცილებელია საერთაშორისო რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება და ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები