Accentnews.ge
"ლელო" – საკრებულოებში ბიუჯეტების დამტკიცებაზე: "ეს იყო ძალადობრივი თავდასხმა თვითმმართველობის იდეასა და დემოკრატიაზე"

"ლელო" – საკრებულოებში ბიუჯეტების დამტკიცებაზე: "ეს იყო ძალადობრივი თავდასხმა თვითმმართველობის იდეასა და დემოკრატიაზე"

26/11/2021 10:42:09 პოლიტიკა

"ეს იყო სრულიად თავხედური, ძალადობრივი თავდასხმა თვითმმართველობის იდეასა და დემოკრატიაზე", - ასე აფასებს პარტია "ლელო" ზუგდიდსა და ბათუმში ძველი მოწვევის საკრებულოების მიერ ბიუჯეტის დამტკიცებას.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, დღეს განვითარებული მოვლენები უპრეცედენტოა და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანას არა სახელმწიფო უწყებები, არამედ კონკრეტული პარტია მართავს:

"გვსურს, გამოვეხმაუროთ იმ უპრეცედენტო, სრულიად თავხედურ და ძალადობრივ თავდასხმას თვითმმართველობის იდეასა და დემოკრატიაზე, რომელიც მიმდინარეობს ბათუმსა და ზუგდიდში. ჩვენ ვხედავთ, რომ "ქართული ოცნება" კიდევ ერთხელ პარტიული ინტერესებისთვის იარაღად იყენებს სახელმწიფო ინტიტუციებს, რომ ძალის გამოყენებით გააუქმოს დემოკრატიული პრინციპები. ბიუჯეტის დამტკიცების პროცესი სხვა არაფერი არ არის, თუ არა კიდევ ერთი ლუსტრირება იმისა, რომ ამ ქვეყანას სახელმწიფო უწყებები კი არ მართავენ, მართავს ერთი კონკრეტული პარტია თავის ხუშტურებზე და ახირებებზე დაფუძნებით. ეს არის უპრეცედენტო, არასდროს ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონია. ბიუჯეტები ყოველთვის დეკემბერში მტკიცდებოდა ახალი საკრებულოების მიერ, მაგრამ ახლა, ვინაიდან პოლიტიკური ვითარება არის შეცვლილი და ოპოზიციის პოზიციები მტკიცეა ზუგდიდსა და ბათუმში, "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა, არჩევნების ამ შედეგებს დაუპირისპიროს შიშველი და თავხედური ძალა".

ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში 2022 წლის ბიუჯეტები პროტესტის ფონზე დაამტკიცეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ძველი საკრებულოს მიერ ბიუჯეტის დამტკიცებას აპროტესტებდნენ. მათი თქმით, ახალ საკრებულოს მიზანმიმართულად არ იწვევდნენ, რათა ფინანსური დოკუმენტი თავისი სურვილისამებრ დაემტკიცებინათ. ბათუმის საკრებულოში სხდომის ჩასაშლელად ენმ-ის წევრმა მირდატ ქამადაძემ დარბაზში მძაფრსუნიანი ნივთიერება დაასხა, რის გამოც სხდომა დროებით შეწყდა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ძველი საკრებულოს მიერ მომდევნო წლის ბიუჯეტის დამტკიცება არალეგიტიმურია. ორივე ქალაქის საკრებულოებთან აქციაც იყო. პოლიციამ ზუგდიდში ორი პირი, ხოლო აჭარაში ოთხი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S