ახალი პრაქტიკა რეგიონებში: რა გზა რჩება ოპოზიციას?

26-11-2021 15:27:31 რეგიონები ,ანალიზი

ბათუმსა და ზუგდიდში დღეს უპრეცედენტო მოვლენას, ახალი პრაქტიკის საფუძვლის ჩაყრას ვადევნებდით თვალს: ხსენებული ქალაქების საკრებულოებში, სადაც თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გათვალისწინებით პოლიტიკურ ძალთა ბალანსი შეიცვალა (მმართველმა გუნდა უმრავლესობა დაკარგა), მომავალი წლის ბიუჯეტის სწრაფი ტემპით დამტკიცების პროცესი დაიწყო. პროცესის „უცნაურობა“ იმაში მდგომარეობს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტს ამტკიცებენ კოლეგიალური ორგანოები (საკრებულოები), რომლებსაც უფლებამოსილების ვადა ფაქტობრივად, ამოეწურათ. ამ გზით მათ ახალი მოწვევის საკრებულოებს, რომელთა პირველი სხდომებიც 3 დეკემბერს უნდა გაიმართოს, მთავარ დოკუმენტზე მუშაობის შესაძლებლობა წაართვეს. ამდენად, ბიუჯეტს ამტკიცებს ძველი საკრებულო, ხოლო მის აღსრულებას ზედამხედველობა უნდა გაუწიოს ახალმა, მიუხედავად იმისა, რომ მის პრიორიტეტებს სავსებით არ იზიარებს. სწორედ ეს გარემოება გახდა მღელვარების მიზეზი, თუმცა მწვავე პროტესტმა შედეგი ვერ გამოიღო: საკრებულოებმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტები პოლიციით ალყაშემორტყმულ შენობებში ერთპარტიულად დაამტკიცეს ბათუმში, ზუგდიდში, სენაკში, ჩხოროწყუსა და მარტვილში.

გადარჩეული საკრებულოების წევრები თავს იმით იმართლებენ, კანონი არ დაურღვევიათ, რეგლამენტში შესაბამისი ცვლილებები შეიტანეს და დააზღვიეს პროექტი ჩაგდებისგან.

„ეს ძალიან ცუდი პროცესია. არასდროს მომხდარა, ასე მიეღოთ გადაწყვეტილებები ბიუჯეტის თაობაზე. განხილვის პროცესი იწყებოდა 15 ნოემბერს, ხოლო მიღება ხდებოდა ახალი მოწვევის საკრებულოების მიერ. ეს იყო სწორი ტრადიცია, რადგან ახალ საკრებულოს ევალება მომავალი ოთხი წლის განმავლობაში წარმართვა პოლიტიკის, შესაბამისად, მან უნდა მიიღოს პოლიტიკის წარმართვის უმთავრესი დოკუმენტი – ბიუჯეტი. ასე ხდებოდა ყოველთვის. საკრებულოს გარეშე თვითმმართველობა წარმოუდგენელია – კოლეგიალური ორგანო მოსახლეობის ინტერესებს უფრო ზუსტად ასახავს, რადგან იქ წარმოდგენილია ოპოზიცია და ხელისუფლება. ასეთ ვითარებაში ახალი მოწვევის საკრებულოს მსგავსი იგნორირება არის ძალიან ცუდი პრაქტიკის საფუძვლის ჩაყრა და ამას პოლიტიკური ფასი აუცილებლად უნდა ჰქონდეს. სათითაოდ ყველას გვარი უნდა იცოდეს ამომრჩეველმა, ვინ მოექცა მას ასე“,– ამბობს თვითმმართველობის საკითხებში ექსპერტი ირაკლი მელაშვილი „აქცენტთან“ თემის კომენტირებისას.

ექსპერტი მმართველ გუნდთან ერთად ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხს ხედავს:

„სინამდვილეში ეს ყველაფერი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ძალიან ცუდი ქცევით დაიწყო, რომელმაც საკრებულოების პირველი სხდომები 3 დეკემბერს ჩანიშნა მაშინ, როდესაც წინა მოწვევის საკრებულოების სხდომები, მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის 17 ნოემბერს შეჯამდა შედეგები, 20 ნოემბერს დაინიშნა. ცესკო–ს თავმჯდომარეს ჰქონდა შესაბამისი უფლება, მაგრამ ხომ იცის, ამას რეალურად რატომ აკეთებს?! მან კიდევ უფრო მეტად დაძაბა პოლიტიკური ვითარება. გარდა ამისა, ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ახალი საკრებულო ვეღარ ეტევა ვადებში – აღმასრულებელ ხელისუფლებას გაუგზავნოს საკუთარი შენიშვნები, მიიღოს პასუხები. ამიტომ, ეს დაძაბულობა ცესკო–ს თავმჯდომარის პირადი პასუხისმგებლობაა“.

რატომ ჩქარობს "ქართული ოცნება"

ოპოზიცია მიმდინარე მოვლენებს თვითმმართველობის იდეაზე თავდასხმად, ამომრჩეველთა ნების უპატივცემულობად აფასებს და რამდენიმე გარემოებაზე ამახილებს ყურადღებას:

  • ბიუჯეტში გათვალისწინებულია არა საზოგადოების ინტერესები, არამედ მმართველი გუნდის მიერ საარჩევნო პროცესში კონკრეტული პირების წინაშე აღებული ვალდებულებები;
  • მმართველი გუნდი ცდილობს, დააზღვიონ ახლად არჩეული მერები.

საქმე იმაშია, რომ კანონის მიხედვით, ახალი მოწევის საკრებულოს ბიუჯეტის დასამტკიცებლად გარკვეული დრო აქვს. თუ სამი თვის განმავლობაში პროექტი არ დამტკიცდა, ეს ხდება საფუძველი, დათხოვნილ იქნას როგორც საკრებულო, ისე არჩეული მერი და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები.

ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში კი ფიქრობს, რომ ხელისუფლება ოპოზიციის ჩაგვრით მომხრეთა კონსოლიდაციას ესწრაფვის:

„ის ხალხი, ვინც ამჟამად „ქართულ ოცნებას“ უდგას სათავეში, ორიენტირებულია ვითარების გამწვავებაზე, ფიქრობენ, რომ თუ დაჩაგრავენ ოპოზიციას, ამით საკუთარ სიძლიერეს აჩვენებენ და მომხრეების კონსოლიდირებას მოახდენენ. ეს კომპლექსებია და ამას ყოველთვის ცუდი შედეგები მოჰყვება ხოლმე. წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ვეუბნებოდი, რომ ძალიან ბევრი მათგანი ციხეებში დაასრულებდა (თუმცა ნამდვილად არ მსურდა ეს) და ამ შემთხვევაშიც იგივე ეჭვები მაქვს“.

რა გზა რჩება

ირაკლი მელაშვილი იხსენებს 2017 წელს ბორჯომში განვითარებულ მოვლენებს, როდესაც საკრებულოსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობა ვერ შედგა, შედეგად საკრებულომ მერიის მუშაობის პარალიზება შეძლო.

„ოპოზიციას შეუძლია, ცვლილებების ინიციირება. საინტერესოა, რა მოტივებით იტყვის უარს ცვლილებებზე ხელისუფლება. შემდეგ კი საკრებულოს შეუძლია, მერიას არ დაუმტკიცოს ის კომპონენტები, რაც ბიუჯეტის დამტკიცებას მოჰყვება: მერიის სტრუქტურა, ამ სტრუქტურისთვის აუცილებელი ბიუჯეტი და სრული პარალიზება მოახდინოს მერიის საქმიანობის. პოლიტიკური დიალოგის ფორმატში კი შესთავაზოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ცვლილებები ბიუჯეტში, თავად კი პაკეტურად მიიღოს ის, რაც მერიას სჭირდება.

თუ საკრებულო მოწოდებულია, შეასრულოს საკუთარი როლი, მას ხშირ შემთხვევაში შესაძლოა, გადაჭარბებული ფუნქციებიც კი გააჩნდეს. მაგალითად, ბორჯომში 2017 წელს სრული პარალიზება მოახდინეს აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის. მაშინ იქ ნაკლები საბაბი არსებობდა, აქ კი ოპოზიციას რეალური მიზეზი ექნება. რადგან ხელისუფლება ამ თამაშის წევრებს ამკვიდრებს, მხოლოდ ეს გზა რჩება და ამ შემთხვევაში ოპოზიცია აბსოლუტურად მართალი იქნება“.

ექსპერტის ამბობს, რომ თუ საკრებულოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების თანამშრომლობა ვერ შედგება, პროცესები რიგგარეშე არჩევნების მიმართულებით დაიძვრება.

რას ამბობენ “ქართულ ოცნებაში“

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სიჩქარე იმით ახსნა, რომ "დრო არ დაიკარგოს", რადგან მისი თქმით, "ქვეყანას არ აქვს ფუფუნება, 2022 წელს ერთი წამიც კი დაკარგოს":

"იურიდიულად ეს პროცესი არის გამართული ახალი საკრებულოები მუშაობას შეუდგებიან მხოლოდ სამი დეკემბრიდან, შესაბამისად, ძველი საკრებულოები ამ მომენტში კარგავენ თავის უფლებამოსილებას. ძველი საკრებულოები ბიუჯეტს ამტკიცებენ იმის გამო, რომ დრო არ დაიკარგოს. პრემიერმა განაცხადა, რომ ქვეყნის აღმშენებლობის კიდევ უფრო მაღალი ტემპი უნდა გვქონდეს. 2022 წელს ქვეყანას არ აქვს ფუფუნება, რომ ერთი წამიც კი დაკარგოს. თითოეულ მუნიციპალიტეტს ადგილზე სჭირდება ბიუჯეტები, იმისთვის, რომ მერიამ შეძლოს ხალხის საჭიროებისთვის 24 საათი იმუშაონ".

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა სოზარ სუბარმა კი ღიად განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა გამოიყენა კანონმდებლობით განსაზღვრული შესაძლებლობა, „რათა ოპოზიციაში მყოფ რადიკალურ ძალებს, რომლებიც მუდმივად არეულობის შექმნაზე არიან მომართული, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის ჩაგდების, შესაბამისად, ადგილობრივი ორგანოების სამსახურების მუშაობის, ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერების, ჯამში კი, ჩვენი ქალაქებისა და სოფლების განვითარების შეჩერების შესაძლებლობა არ მისცემოდათ“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები