„სეირნობა უნდა მორჩეს!“ – ჩალაძე ოპოზიციის ნაწილს, მათ შორის ენმ–ის რიგ წევრებს აკრიტიკებს

26-11-2021 20:04:00 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ჩალაძე ოპოზიციის ნაწილს, მათ შორის ენმ–ის რიგ წევრებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მათ „მოსესავით არ უნდა იარონ ქუჩებში“ და ხალხი უშედეგოდ არ უნდა ატარონ.

მისთვის მიუღებელია ამ დროისთვის დაუდგენელი ავტორის შეფასება, რომელიც ორი დღის წინ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ ახსენა, რომ სააკაშვილის „ 50–დღიანმა შიმშილობამ ოპოზიციური მოძრაობა დააზიანა“:

„უსაქმურობამ და თბილ სკამებში ჯდომამ არ დააზიანა, თუ წლების განმავლობაში მოსესავით ქალაქ–ქალაქ სიარულმა და ვითომ აქტიურობამ? რისთვის ჩამოვიდა [სააკაშვილი – რედ], რომ ოპოზიციური ერთობა აერია? უპრეცედენტო აქტივობა ვინ მოიტანა? ტვინი გაანძრიონ, თუ დარჩათ... ამათი საერთო სახელი და გვარი არის უსაქმური ხალხი".

ჩალაძემ კონკრეტიკისგან თავი შეიკავა, როგორც თავად ამბობს, შეგნებულად, თუმცა აღნიშნა, რომ გულისხმობს ყველას „როგორც პარტიის შიგნით, ისე პარტიის გარეთ, ვინც ოპოზიციონერს უწოდებს თავს“.

ის შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს მუდმივ აქციებში, საერთაშორისო საზოგადოებასთან აქტიურ კომუნიკაციაში ხედავს და როგორც ირკვევა, დიდ შეცდომად მიიჩნევს 14 ოქტომბრის მასშტაბური აქციის დაშლას:

„ძალიან ხშირად, ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ "არ უჭერენ მხარს კონკრეტულ მოქმედებას", იმაზე ბევრად სასარგებლონი არიან, ვიდრე ოპოზიციის ე.წ. ლიდერები ან გამორჩეული სახეები. ვიმეორებ, სეირნობა, თბილისის დასათვალიერებლად რეგიონებიდან ხალხის ჩამოყვანა უნდა მორჩეს, უნდა იყოს ქუჩაში მდგომი მშვიდობიანი აქცია, რომ ეს დაინახოს ევროკავშირმა, ამერიკამ, ჩვენმა მთავრობამ დათვალოს თავები და შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება. სახელმწიფო დაწესებულებებში შევარდნისკენ არავის მოვუწოდებ. მე მოვუწოდებ, შეიკრიბონ და არ დაიშალონ. ხვალვე "თავკომბალას" გაკეთება თბილისში საჭირო არაა, საკუთარ რეგიონებში, საკუთარ მუნიციპალიტეტებში ...იმიტომ გვყავს ადგილობრივი ლიდერები, რომ მივცეთ განვითარების შესაძლებლობა, მანდ გამოვიდნენ და შემდეგ, როდესაც დავინახავთ, რომ კონსოლიდაცია თბილისში იქნება საჭირო, მხოლოდ მაშინ ჩამოვიდნენ. სხვანაირად დემოკრატია არ იმართება. ამიტომ, არ არის საჭირო რესურსებზე, ღვთიური ნიშნის მოცემაზე საუბარი“.

გაჩნდა განცდა, რომ ჩალაძე შესაძლოა, გულისხმობდეს ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიას, რადგან სააკაშვილის შიმშილობის პარალელურად რამდენიმესაათიანი აქციები თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში იმართებოდა, თუმცა არა მუდმივი. თავად დღის წესრიგს კი საზოგადოებას დღის ბოლოს ნიკა მელია აცნობდა. თუმცა „ტვ პირველის“ ჟურნალისტის მორიგ დამაზუსტებელ კითხვაზე, გულისხმობს თუ არა ენმ–ის თავმჯდომარეს ნიკა მელიას, ჩალაძემ უპასუხა, რომ თუ მასზე მოუნდება საუბარი, ჩაკითხვის გარეშე ისაუბრებს და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი პრეტენზია ეხება ყველას, „ვინც ხალხს უშედეგოდ ატარებს“:

„ამდენი წლის განმავლობაში ეს ხალხი დაგვეხოცება და დაპირებულ მიწამდე რომ მივალთ, ისე არ აღმოჩნდეს, რომ საქართველო რუსებით აღმოჩნდეს სავსე. გაიხედეთ ბათუმში რა ხდება! ისე არ აღმოჩნდეს, რომ ჭკვიანი ქართველები ემიგრაციაში იყვნენ, ხოლო საქართველო დასახლებული იყოს მანქურთებით (ვგულისხმობ რუსეთში კრიმინალური გზით ნაშოვნი ფულით ხალხის ჩამოსვლას, რაც ბევრ რეგიონში შეინიშნება“.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის ნაწილის მისამართით პრეტენზია მესამე პრეზიდენტის ვაჟმა ედუარდ სააკაშვილმაც გამოთქვა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში: „ძალიან მაშფოთებს და მართლა შემზარავი არის, როცა მესმის ოპოზიციის მხრიდანაც ამაზე საუბარი, რომ „აი, თქვენ არ იცით რა მოხდება“. ფაქტობრივად, უკვე, ნებით თუ უნებლიეთ, ვიღაცებს მოთხოვნილება უჩნდებათ, რომ რა მაგარი იქნება ეს [მიხეილ სააკაშვილი] მართლა რომ მოკვდეს. რა მაგარ რაღაცებს გავაკეთებთ და ამათ [„ქართულ ოცნებას“] დედას ვუტირებთ, - აღნიშნა ედუარდ სააკაშვილმა და დაამატა, - მე აქ არაფერ კონსპირაციულს არ ვიძახი. ტელევიზიიდანაც ასე ჩანს, რომ ვიღაცებში გამოიკვეთა ტენდენცია, რომ შეიძლება, მართლა ურჩევნიათ მკვდარი, ვიდრე ცოცხალი“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები