"სააკაშვილის ფანჯარასთან დგას მანქანა, რომელიც ასხივებს ელექტრომაგნიტურ ტალღებს, ეს იწვევს ფსიქიკურ აშლილობასა და სიკვდილს"
28/11/2021 17:05:34 პოლიტიკა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ჩალაძე აცხადებს, რომ გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პალატის ფანჯრებთან დგას ავტომობილი, რომელზეც განთავსებულია ელექტრომაგნიტური გამოსხივების მძლავრი წყარო, რაც სასიკვდილო საფრთხეს უქმნის პატმირობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს.
"რუსულად, ჩვენი მთავრობისთვის გასაგებ ენაზე ეს არის ე.წ. სისტემა კუპოლი, ანუ გუმბათი. მისი გამოსხივება სულ მცირე 100 მეტრის რადიუსით სასიცოცხლო საფრთხეს უქმნის ყველა გარშემომყოფს. ჩვენი კადრებით ერთ კილომეტრზეა დაფიქსირებული ეს გამოსხივება. ეს იწვევს ადამიანის ფსიქიკურ შეშლილობას, ადამიანის ჯანმრთელობის მოსპობას და სიკვდილს. ამას შეუძლია, მოკლას ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი. ამას შეუძლია მოკლას ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, ამას შეუძლია მოკლას ყველა ვინც სააკაშვილის ფანჯრებიდან ასი მეტრის რადიუსში იმყოფება. რასაც მე ვამბობ, არ არის სახუმარო. გადაღებული გვაქვს კადრები, რომლებითაც დასტურდება ნათქვამი. ეს მანქანა აქ დგას იმ წუთიდან, რა წუთიდანაც მიხეილ სააკაშვილი გადმოიყვანეს გორში, დგას მისი პალატის ქვევით. გამოსხივება განსაკუთრებით ძლიერია ანტენების ზემოთ. რამდენად ძლიერია გამოსხივება? ქალაქში დაყენებული GCM-ის ანტენების სიმძლავრე 18 ვტ-ია, ამ მანქანის გამოსხივების სიმძლავრე კი არანაკლებ 200 ვტ-ია. თავად განსაჯეთ, როგორ კლავს ხელისუფლება ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტს“, – განაცხადა ჩალაძემ.
იგი სახალხო დამცველს და დიპლომატიურ კორპუსს რეაგირებისკენ მოუწოდებს:
„მივმართავ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, გთხოვთ შეისწავლოთ ეს ფაქტი, რომელიც დასტურდება დღეს გადაღებული კადრებით. ეს არის ავთენტური კადრები. ვთხოვ დიპკორპუსს, მოახდინოს ამაზე უმკაცრესი რეაქცია. არ იკმარეს, რომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი აწამეს, ახლა პირდაპირ მასზე ახდენენ ზემოქმედებას და კლავენ, კლავენ რადიოგამოსხივების მეშვეობით. ყველა თანამშრომელი, ვინც ამ შენობაშია, იმყოფება საფრთხეში. ეს არის ფაქტობრივად რენტგენის სხივი, რომელიც 24 საათის განმავლობაში ჩართულია“.


