"შავ ზღვაში არსებული მდგომარეობის განხილვა საქართველოსთან და უკრაინასთან ერთად ძალიან დროული და უკიდურესად მნიშვნელოვანია"
29/11/2021 09:14:36 პოლიტიკა
ნატო–ს გენერალური მდივანის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, "შავ ზღვაში არსებული მდგომარეობის განხილვა საქართველოსთან და უკრაინასთან ერთად ძალიან დროული და უკიდურესად მნიშვნელოვანია".
როგორც მან აღნიშნა, 30 ნოემბერსა და 1 დეკემბერს რიგაში დაგეგმილი ნატო–ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ერთ–ერთი მთავარი განხილვის საგანი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება იქნება.
"საქართველო და უკრაინა ნატო–ს მჭიდრო და ღირებული პარტნიორები არიან. ორივე ისწრაფვის ალიანსის წევრობისკენ. ნატო მათ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას უწევს. ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ორივე სახელმწიფოსთან. ალიანსი მინისტერიალზე სხვა საკითხებთან ერთად განიხილავს უსაფრთხოების მდგომარეობას შავი ზღვის რეგიონში. საქართველოც და უკრაინაც შავი ზღვისპირა სახელმწიფოები არიან. ჩვენ ვნახეთ გაზრდილი დაძაბულობა, ვიხილეთ რუსეთის აგრესიული ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ. ამიტომ, შავ ზღვაში არსებული მდგომარეობის განხილვა, ამ ორ მნიშვნელოვან პარტნიორთან ერთად ძალიან დროული და უკიდურესად მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ჩვენი ყურადღება გამახვილებული იქნება რეფორმების განხორციელებაზე. ვფიქრობ, ორივე ასპირანტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ყურადღება გაამახვილონ რეფორმების განხორციელებაზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზებაზე – ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, რადგან ეს ეხმარება საქართველოს ერთის მხრივ, დაუახლოვდეს ნატო–ს წევრობის საკითხს, მეორეს მხრივ, ამ რეფორმების განხორციელება მათთვისაც ღირებულია. ეს რეფორმები საქართველოსა და უკრაინას უფრო ძლიერს და მდგრადს გახდის. განსაკუთრებით, როცა ჩვენ ვხედავთ რუსეთის ქმედებებს,ძალიან მნიშვნელოვანია უფრო ძლიერი და მდგრადი საზოგადოება“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.


