საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის პრემიერ–მინისტრები ევროკავშირის ხელმძღვანელებს შეხვდებიან
29/11/2021 10:10:00 პოლიტიკა
საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის პრემიერ–მინისტრები „ასოცირებული ტრიოს“ ფორმატით ევროკავშირის ხელმძღვანელებს შეხვდებიან. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისი თქმით, "პრემიერ-მინისტრების დონეზე ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს მნიშვნელობას, რომელსაც ევროკავშირში ინტეგრაციას ანიჭებენ".
"ბრიუსელში ვიზიტი მაქსიმალურად იქნება გამოყენებული იმისათვის, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან იყოს განხილული „ასოცირებული ტრიოს“ პრიორიტეტული მიმართულებები და მოლოდინები „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტის წინ", – განაცხადა ზალკალიანმა.
„ასოცირებული ტრიოს“ ფორმატით ევროკავშირის ხელმძღვანელებთან პირველი შეხვედრა ბრიუსელში 2021 წლის ივნისში გაიმართა. მაშინ შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრები იღებდნენ.
საქართველოს სამთავრობო დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ბრიუსელში დღეს მიემგზავრება. „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტი 14-15 დეკემბერს გაიმართება.
საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროპული ინტეგრაციის გზაზე ძალისხმევის გასაერთიანებლად „ასოცირებული ტრიო“ 2021 წლის მაისში დააფუძნეს.


