"წამოვედი დინების საწინააღმდეგოდ, მე არ მინდა, ვიყო "მკვდარი თევზი"
29/11/2021 10:59:27 პოლიტიკა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, თავიანთ სოფლებში შექმნან „მიხეილ სააკაშვილის გამოხსნის კომიტეტი“. ამის შესახებ მან საკუთარ სასამართლო პროცესზე ისაუბრა, რომელსაც პირველად ესწრება.
მან მოქალაქეებს მობილიზებისა და მშვიდობიანი აქტიურობისკენ მოუწოდა.
„საკუთარ თავს უნდა ვუთხრათ, რომ ეს ქვეყანა ჩვენია. პოლიტიკოსებს ნუ ვთხოვთ “მიშა, შენ ჩამოდი, თუ არ ჩამოვიდა არაფერი გვეშველება“ – აჰა, ჩამოვედი და ჩემი სიცოცხლე ჩაგიგდეთ ხელში...“ თუ პოლიტიკოსებს გეგმა არ ექნებათ, არაფერი გვეშველება“ – ყველა ადამიანს აქვს მოქმედების არა მხოლოდ უფლება, ვალდებულება. ჩამოვედი აქ, როცა ნახევარი მილიონი ადამიანი გარბის საქართველოდან. მე წამოვედი დინების საწინააღმდეგოდ. ზვიად გამსახურდია ამბობდა, „დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიანო“. მე არ მინდა, ვიყო მკვდარი თევზი, ჩვენ არავინ უნდა ვიყოთ მკვდარი თევზი. ამიტომ, მოქმედება... მინდა, ყველა ადამიანს ვთხოვო, თავის ეზოში, თავის საკარმიდამოში, თავის სოფელში შექმნას მიხეილ სააკაშვილის გამოხსნის კომიტეტის პუტინის ტყვეობაში, იმიტომ, რომ დაგეხმარო, მე არ უნდა ვიჯდე ბადრაგებს შორის და არ უნდა ვუყურებდე დახურულ სივრცეს, თქვენ იცით, რა ენერგია და შესაძლებლობა მაქვს იმისთვის, რომ დაგეხმაროთ“,– განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, "ეს რეჟიმი უნდა მოშორდეს".
სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა საზოგადოებას და საკუთრივ ნიკა მელიას, რომ მისი თქმით, პროვოკაციებს არ წამოეგნენ.
ამასთან, მან მადლობა გადაუხადა სახალხო დამცველს.
„რომ არა ქალბატონი ნინო ლომჯარიას გამბედაობა და მისი კონსილიუმის წევრების პრინციპულობა, მე დღეს ცოცხალი აქ არ ვიდგებოდი თქვენ წინაშე. პრაქტიკულად, მან ცენტრ "ემპათიასთან" ერთად და რაც მთავარია, ქუჩაში გამოსულ უამრავ ადამიანთან ერთად, გადაარჩინა არა მხოლოდ ჩემი სიცოცხლე, არამედ ელენე ხოშტარიასი და უამრავი სხვა მოშიმშილის, რომლებისაც დიდი მადლობელი ვარ.
ასევე, მადლობელი ვარ ნიკა მელიასი, რომელიც არ წამოეგო პროვოკაციას, რომელიც ეწყობოდა ჩემს გლდანში ყოფნასთან დაკავშირებით. ეს უნდოდა ალბათ მომწყობს, რომ ერთი მხრივ, მე მოვეკალი და მეორე მხრივ, გაენეიტრალებინა ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა, ასევე, „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც თავშეკავებით, მაგრამ ძალიან დიდ ბრძოლისუნარიანობას აჩვენებს".


