სააკაშვილი: "რომ არა ლომჯარიას გამბედაობა, მე დღეს აქ ცოცხალი არ ვიდგებოდი"
29/11/2021 11:12:24 პოლიტიკა
ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მისმა გამბედაობამ იხსნა როგორც სააკაშვილის, ისე სხვა ადამიანების სიცოცხლე.
ამასთან, სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას და მის მხარდამჭერებს:
„რომ არა ნინო ლომჯარიას გამბედაობა და მისი კონსილიუმის წევრების პრინციპულობა, მე დღეს აქ თქვენს წინაშე, ცოცხალი არ ვიდგებოდი, რადგან მან, პრაქტიკულად, ცენტრ „ემპათიასთან“ ერთად და რაც მთავარია, ქუჩაში გამოსულ უამრავ ადამიანთან ერთად, გადაარჩინა არა მხოლოდ ჩემი სიცოცხლე, არამედ ელენე ხოშტარიას და უამრავი სხვა მოშიმშილის სიცოცხლე. ძალიან დიდი მადლობელი ვარ ნიკა მელიასი, რომელიც არ წამოეგო პროვოკაციას, რომელიც ეწყობოდა ჩემს გლდანში ყოფნასთან დაკავშირებით. ეს უნდოდა პროვოკაციის მომწყობთ, რომ ერთი მხრივ, მე მოვეკალი და მეორე მხრივ, გაენეიტრალებინათ ყველაფერი და ძალიან დიდი მადლობა „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც თავშეკავებით, მაგრამ ძალიან დიდ ბრძოლისუნარიანობას აჩვენებს“.
16 ნოემბერს სახალხო დამცველმა პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის იუსტიციის სამინისტროს/სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის მონიტორინგის მიზნით, მულტიპროფილური სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი მოიწვია. მათ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 17 ნოემბერს შეაფასეს და განაცხადეს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ შეაფასეს და დაასკვნეს, რომ სააკაშვილის მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა გაგრძელებულიყო პოლიპროფილურ ჰოსპიტალში.


